მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოპოზიციის ამომრჩეველთა უმეტესობა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს ემხრობა - ISSA-ს კვლევა

არჩევნები

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ISSA-ს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების ნაწილს ასაჯაროებს, რომლის თანახმადაც, ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების უმეტესობა (43.3%) ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს ემხრობა, ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ემხრობა 26.2%, ხოლო ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის უპირობო მონაწილეობას მხარს უჭერს 20.5%.

ყოველგვარი დათქმის გარეშე ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის მხარდაჭერა მაღალია "ქართული ოცნების" ამომრჩევლებში და 70.4%-ს შეადგენს.

"საჯაროდ არაერთხელ განვაცხადე, რომ ISSA ატარებდა საზოგადოებრივი აზრის ახალ გამოკითხვას საქართველოს მოსახლეობაში, 2000 რესპონდენტზე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით (დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი).

საველე სამუშაოები დასრულდა ორი დღის წინ, 30 ივნისს.

პრეზენტაციამდე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ გამოკითხვის ერთ-ერთ ყველაზე „ცხელ“ შედეგს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.

საქართველოს მოსახლეობაში უფრო მეტია იმათი წილი (45.5%), ვინც იზიარებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უპირობოდ უნდა მიიღონ.

თუმცა, საქართველოს მოსახლეობაში შედიან თბილისელებიც, არათბილისელებიც, ქალაქელებიც და სოფლელებიც, ოპოზიციური და ქ/ოცნების ამომრჩევლებიც და ა.შ.

ამდენად, ჭრილებია საინტერესო.

დართულ დიაგრამაზე თავად ნახავთ დეტალურ მონაცემებს. თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებში:

ა) წამყვანია ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტოს იდეა (43.3%),

ბ) ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას ვადამდელ საპარლამენეტი არჩევნებთან ერთად ემხრობა 26.2%, ხოლო

გ) ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის უპირობო მონაწილეობას მხარს უჭერს 20.5%.

აქვე, საინტერესოა, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას, ყოველგვარი დათქმის გარეშე, გამორჩეულად უჭერენ მხარს ქ/ოცნების ამომრჩევლები (70.4%)",- წერს იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები