სერბეთის პარლამენტში ოპოზიციის დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი ისროლეს - მათი მიზანი სამთავრობო პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სტუდენტთა მრავალკვირიანი პროტესტისთვის მხარდაჭერის დაფიქსირება იყო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
სამშაბათს, საკანონმდებლო სესიაზე, მას შემდეგ, რაც სერბეთის პროგრესული პარტიის ხელმძღვანელობით მმართველმა კოალიციამ დღის წესრიგი დაამტკიცა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ადგილები დატოვეს, მათი ნაწილი პარლამენტის სპიკერსა და დაცვის თანამშრომლებს დაუპირისპირდა, ნაწილმა კი შენობაში ფერადი კვამლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.
სპიკერ ანა ბრნაბრიკის ინფორმაციით, დაშავდა ორი დეპუტატი, მათგან ერთ-ერთი, მმართველი პარტიის წევრი, კრიტიკულ მდგომარეობაშია.
სერბეთის პარლამენტს დღეს ახალი კანონი უნდა მიეღო, რომელიც უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებდა - ეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა იმ სტუდენტური პროტესტისა, რომელიც სერბეთში დეკემბრიდან უწყვეტად მიმდინარეობს.
დემონსტრაციები სერბეთში რკინიგზის ჩამონგრევას მოჰყვა, შემთხვევას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქციების მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მომხდარი მთავრობის კორუფციული გარიგებების შედეგია და მმართველი პარტიის გადადგომას ითხოვენ.