მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, რომ აშშ საქართველოს შორის შესაძლებელი იქნება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება - კობახიძე

კობახიძე

იყო არაერთი კომუნიკაცია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი გახდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს.

„ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ სუფთა ფურცლიდან და გზამკვლევით. სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით ქაღალდზე, არ იყო არც რაიმე კონკრეტული ხელშესახები შედეგები, არც ეკონომიკის, არც ვაჭრობის, არც პოლიტიკური კუთხით, პირიქით, ზუსტად ამ პერიოდში, როცა ჩვენ ჯერ კიდევ გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობა, წინა ადმინისტრაცია საქართველოში გვიწყობდა რევოლუციებს. ეს იყო სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ გვინდა რეალური სტრატეგიული პარტნიორობა და ამიტომ ვამბობთ ამას, რომ სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ საუბარი და კონკრეტული გზამკვლევი უნდა გვქონდეს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული. პოლიტიკა არის პრაგმატული მოვლენა. ორი ქვეყანაა, ორივეს აქვს თავისი ინტერესები და ეს ინტერესები უნდა დაბალანსდეს და ეს დაბალანსებული ინტერესები უნდა იყოს ასახული სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ შეთანხმებაში. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ საჯაროდ, დახურულ კარს მიღმა.

კიდევ ერთხელ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ ეს ყველაფერი გახდება შესაძლებელი. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთადერთი კონკრეტული კრიტერიუმია ჩვენთვის, რომელიც იმის დასტური იქნება, რომ გადავდივართ ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობების, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, ეს არის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ. ეს არ უნდა იყოს ქაღალდზე რაღაც დოკუმენტის გაფორმება, ეს უნდა იყოს რეალური ხელშესახები შედეგების მქონე სტრატეგიული პარტნიორობა, მთლიანად ამაზე ვართ კონცენტრირებული და ამას ვამბობთ ღიად, საჯაროდაც და დახურულ კარს მიღმაც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ ერთადერთი კრიტერიუმი ჩვენთვის, რაც მიგვანიშნებს ურთიერთობების რეალურ გადატვირთვაზე, არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება. ჩვენ ამისათვის გავაკეთებთ ყველაფერს“, - აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები