მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქრიაშვილი ხაზარაძეზე: მივესალმები კონკურენციის გამძაფრებას პოლიტიკურ სივრცეში

5d244fa7b3100
ლიკა გურაბანიძე
09.07.19 19:00
844
"მივესალმები კონკურენციის გამძაფრებას პოლიტიკურ სივრცეში", - ამის შესახებ ბიზნესმენმა და პარლამენტარმა კახა ოქრიაშვილმა მამუკა ხაზარაძის მიერ სამოქალაქო მოძრაობის ჩამოყალიბების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
 
ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძე წარმატებული ბიზნესმენია და ის შესაძლოა, პოლიტიკაშიც წარმატებული იყოს.

"ძალიან მომწონს, ძალიან კარგია და მივესალმები. იცით რატომ? პოლიტიკა არის სივრცე, სადაც კონკურენცია უნდა იყოს. ვიღაც წავა, ვიღაც მოვა და დარჩებიან ის პოლიტიკური ძალები, ვინც მაქსიმალურ სარგებელს მოუტანს ჩვენ საზოგადოებას და ქვეყანას.  

მივესალმები კონკურენციის გამძაფრებას პოლიტიკურ სივრცეში. იმიტომ, რომ ყველა მსხვილი პარტია ცდილობს კონკურენცია შეზღუდოს და პოლიტიკურ ველზე ისეთი პირობები შექმნას, რომ წვრილი პოლიტიკური პარტიები არ განვითარდნენ", - განაცხადა ოქრიაშვილმა.
 
ბიზნესმენი განმარტავს, რომ ხაზარაძის მიერ სამოქალაქო მოძრაობის ჩამოყალიბება ანაკლიის პორტის განვითარებას არ შეაფერხებს.
 
"ამ ორ თემას მე ერთმანეთს არ დავუკავშირებდი. მეც ბიზნესიდან ვარ პოლიტიკაში მოსული, მაგრამ არასდროს ვუკავშირებ ამ ორ საკითხს ერთმანეთს. სხვადასხვა რამ არის. გავლენა არ უნდა მოახდინოს", - განმარტა კახა ოქრიაშვილმა.
 
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საკითხი დგას, ისე როგორც ეს ბიზნესშია.

"ჩვენ ხომ მოგვწონს, როდესაც ახალი კომპანიები ჩნდება და ეკონომიკურ ჭრილში კონკურენციაა და ზუსტად ასეა პოლიტიკაც - ჯანსაღმა კონკურენციამ პოლიტიკური სპექტრი უნდა გაზარდოს. ჩვენთან ხალხი უფრო გაზრდილია, ვიდრე პოლიტიკური სპექტრი", - განმარტა ბიზნესმენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები