შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, "ოქროს სიის" მონაწილე ხორბლის იმპორტიორებისთვის შეღავათები შენარჩუნდება.
"ოქროს სიის" მონაწილის კუთვნილ, სეს ესნ-ის 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ხორბალზე კვლავ იმოქმედებს იმპორტის გადასახდელების გადახდის 45-დღიანი ვადა", – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 31 მაისს, ცვლილება შევიდა "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში.
ცვლილების თანახმად, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა, ასევე გავრცელდება "ოქროს სიის" მონაწილის კუთვნილ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა), წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა) და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა)", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება ბრძანების გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს (2019 წლის 12 ივნისს), ხოლო სხვა შემთხვევაში – ბრძანების გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს (2019 წლის 2 ივლისს).

























