ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის მეორე აუქციონი ოქტომბერში გამოცხადდება და წინადადებების მიღება 600 მეგავატ დადგმულ სიმძლავრეზე დაიწყება. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ პირველ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება. კრიტიკის მთავარი საგანი კერძო სექტორისთვის ის მედიანური ტარიფია, რაც პირველი სიმძლავრის აუქციონის დასრულების შემდეგ ჰიდროს, მზის და ქარის ელექტროსადგურების პროექტების შემთხვევაში დაიდო. აუქციონის კომისიის მიერ განსაზღვრული მედიანური ტარიფი ჰესების შემთხვევაში 6,85 ცენტს, ქარის ელექტროსადგურის პროექტების შემთხვევაში 6,82 ცენტს, მზის შემთხვევაში კი 6,37 ცენტს შეადგენს. ქარის ენერგიის ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მშენებლობის, ლოგისტიკისა და ტექნოლოგიური ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორებს აღნიშნული ტარიფის პირობებში პროექტების განხორციელება ძალიან გაუჭირდებათ. შეგახსენებთ, CFD სქემის მიხედვით, სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში იღებს ვალდებულებას, რომ აუქციონში გამარჯვებულ ფასად, გარანტირებულად შეისყიდოს კომპანიებისგან ელექტროენერგია.