„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით 2018 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.7 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. კერძოდ, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში, მშენებლობის სექტორში, ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის, უძრავი ქონების, ვაჭრობის და სხვ სექტორებში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელზე, რომელიც 13.9 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებზე კიდევ უფრო ზრდის ინვესტორთა ნდობას,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტზე, რომელიც 2018 წლის 29 ოქტომბერს დასრულდა. „მისიის ვიზიტის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. სავალუტო ფონდის შეფასებით, არსებული ეკონომიკური მდგომარეობა შესაძლებელს ხდის განხორციელდეს ისეთი რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საგარეო შოკებისადმი მდგრადობას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას, დააჩქარებს კერძო სექტორით განპირობებულ ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის მოსახლეობის ცხოვრების დონეს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.