შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, მათგან 49 ნარკორეალიზატორია.
ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სირაძის თქმით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები.
- „ჰეროინი“ და „კოკაინი“;
- „ალფა-პვპ“ და „მეთადონი“;
- „მეფედრონი“, „ბუპრენორფინი“ და სხვა.
პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
„სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ გარკვეული თანხის სანაცვლოდ“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გაგზავნა ან გასაღება), 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 265-ე (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.
აღნიშნული მუხლები სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























