ფრანგულმა ტელეკომუნიკაციების გიგანტმა, Orange-მა ესპანეთის ბაზრის წამყვანი მობილური ოპერატორი კომპანია MasOrange-ი €4.25 მილიარდად ($4.9 მლრდ.) შეიძინა. არსებული ინფორმაციით, Orange-მა ესპანურ ფირმაში თავისი პარტნიორის, Lorca-ს 50% წილი გამოისყიდა და ერთპიროვნული მფლობელი გახდა. ცნობისთვის, წლების განმავლობაში ფრანგული გიგანტი MasOrange-ის მეორე ნახევარს აკონტროლებდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ტრანზაქციის დამადასტურებელი სავალდებულო ხელშეკრულება მხარეებმა გასული წლის 12 დეკემბერს გააფორმეს, თუმცა კომპანიას ყველა საჭირო მარეგულირებელი ნებართვის მიღებისთვის ნახევალი წელი დასჭირდა.
როგორც Orange-ში აცხადებენ, MasOrange-ის შესყიდვა მიზნად ესპანეთის ბაზარზე კომპანიის პოზიციების გაძლიერებას ისახავს. ფრანგული ტელეკომუნიკაციების გიგანტის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ეს ნაბიჯი სტრატეგიული გეგმის ნაწილია და ის კომპანიას დასავლეთ ევროპის მთავარ სატელეკომუნიკაციო გიგანტად გარდაქმნაში დაეხმარება. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, MasOrange-ის აღმასრულებელი დირექტორი Orange-ის აღმასრულებელ კომიტეტს შეუერთდება. ამასთან, ტრანზაქციის დასრულების შემდეგ ფრანგული ჯგუფი ესპანური ოპერატორის ფინანსური ვალის რეფინანსირებასაც უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, MasOrange-ი ესპანეთის უმსხვილესი მობილური ოპერატორია და ის 26 მილიონ მობილურ და 7.1 მილიონ ფიქსირებულ აბონენტს ემსახურება. ფირმას აქვს წვდომა ულტრათანამედროვე ოპტიკურ-ბოჭკოვან და 5G ინფრასტრუქტურაზე, სადაც ის მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ინტერნეტს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციის გასაჯაროების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 0.65%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია €17.80-ად ($20.5) იყიდება, კაპიტალიზაცია კი €47.6 მილიარდს ($54.8 მლრდ.) შეადგენს.



























