უნგრეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ყოფილი მემარჯვენე ლიდერის, ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრის, მიკლოშ შეშტაკის წინააღმდეგ მექრთამეობის საქმის გამოძიების ფარგლებში თითქმის 20 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული ამოიღეს. თანხის ნაწილი ტყეში იყო ჩამარხული, ნაწილი კი ფერმერულ ნაგებობებსა და საწყობებში გადამალული.
ცალკეული გამოძიებების ფარგლებში კორუფციის ბრალდებით დაკავებულია ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი და ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი დიორდ მატოლჩი. ისინი ბრალდებებს უარყოფენ.
სამართალდამცავებმა ადამიანებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე ორბანის ძმაც დააკავეს, რაც ყოფილმა პრემიერმა "პოლიტიკურ შურისძიებად" შეაფასა.
ეს ქმედებები მემარჯვენე-ცენტრისტი მადიარის ანტიკორუფციული კამპანიის ნაწილია, რომელსაც მან "ოპერაცია განსაწმენდელი" უწოდა. სოციოლოგიური კომპანია "Median"-ის მიერ გამოცემა "HVG"-ზე გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 70% ამ კამპანიას "ძალიან მნიშვნელოვნად" მიიჩნევს.
"ჩხრეკისას გამომძიებლებმა დიდი ოდენობით ნაღდი ფული აღმოაჩინეს, რომელიც ტყეებში იყო ჩამარხული, დამალული სასოფლო-სამეურნეო ნაგებობებში, საწყობებსა და საცხოვრებელ სახლში, ასევე განთავსებული განცალკევებულ ადგილას მდებარე ძვირად ღირებულ სეიფში", - განაცხადა პარასკევს აქტივების დაბრუნებისა და დაცვის ეროვნულმა ბიურომ.
ფინანსთა მინისტრ ანდრაშ კარმანის თქმით, ამოღებული თანხის - 5.07 მილიარდი ფორინტის ($15.33 მილიონი), 2.66 მილიონი ევროს ($2.93 მილიონი) და 1.26 მილიონი დოლარის - დათვლას სახელმწიფო ხაზინის ათზე მეტი თანამშრომლის რვასაათიანი მუშაობა და კუპიურების დამთვლელი ხუთი აპარატი დასჭირდა.
შეშტაკმა, რომელიც ორბანის განვითარების მინისტრი 2014-2018 წლებში იყო, ბრალდებები უარყო. მის ადვოკატს, გაბორ პაპს, აქტივების დაბრუნების ბიუროს განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
მადიარმა განაცხადა, რომ ამოღებული თანხა ნიშნავს იმ "მაფიის" დასასრულს, რომელსაც ორბანის 16-წლიანი მმართველობისას მემარჯვენე პარტია "ფიდესი" და მისი ქრისტიან-დემოკრატი მოკავშირეები მართავდნენ.
























