შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დაცვა იყო კომპანია "დელოიტის", პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისა და კერძო სექტორს შორის შეხვედრაზე მთავარი სასაუბრო თემა. მხარეებმა იმ საკანონმდებლო ვალდებულებებზე, გამოწვევებსა და რისკებზე იმსჯელეს, რაც შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დამუშავებას უკავშირდება. საკითხის აქტუალობაზე მიუთითებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პრაქტიკაც.
2016 წლის განმავლობაში არაერთი მსხვილი ორგანიზაციის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორგანიზაციები განუსაზღვრელი ვადით ინახავენ სხვადასხვა კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აღარ არსებობდა აღნიშნული მონაცემების დამუშავების კანონიერი მიზანი. მაგალითად შენახულ მონაცემებს შორის იყო კანდიდატთა რეზიუმეები, მათ მიერ წადგენილი ცნობები, ოჯახის წევრების მონაცემები, და ტესტირების შედეგები. ორგანიზაციებმა ვერ დაასაბუთეს რა მიზნით ინახავდნენ დასაქმების კანდიდატთა პერსონალურ მონაცემებს განუსაზღვრელი ვადით.
დარღვევები გამოვლინდა ასევე სასტუმროებში, სადაც სტუმრების პერსონალური მონაცემების წაშლა არ მომხდარა და ინახებოდა განუსაზღვრელი ვადით. 2016 წელს გაზრდილია როგორც ინსპექტირებების, ისე მომმართვიანობის და გამოვლენილი სამართალდარღვევების მაჩვენებლები. 215 წელთან შედარებით დარღვევების რაოდენობა 2016 წელს 64-დან 221-მდე გაიზარდა.
"შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ არაერთმა ორგანიზაციამ არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა კანონის ან დარღვეულ იქნა დასაქმებულების მონაცემები. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევას სამუსაო ადგილებზე, მიმოწერის მონიტორინგს დასაქმებულებს შორის და დასაქმების მსურველების მონაცემების განუსაზღვრელი მოცულობით დამუშავებას", - განუცხადა "საქმის კურსს" პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა, ოთარ ჩახუნაშვილმა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემატურ საკითხად კვლავ მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაუცველობა რჩება. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, აღნიშნულ პერიოდში შესწავლილი ორგანიზაციების დიდი ნაწილი მონაცემებს არაადექვატური და არაპროპორციული მოცულობით ამუშავებს, რაც არაერთ მოქალაქეს უქმნის პრობლემას, მათ შორის სხვადასხვა სახის მომსახურების მიღების პროცესში.
"არსებობს პრაქტიკაში მაგალითები, რომელიც ითვალისწინებს, რომ დეტალურად უნდა იცნობდნენ კომპანიები საკანონმდებლო რეგულაციებს, რათა მათ შესაბამისაობაში მოიყვანონ თავიანთი პოლიტიკები და არ ჰქონდეთ საკანონმდებლო დარღვევები", - განმარტავს "დელოიტის" იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელი, გიორგი ხუროძე.

























