მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორი ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ, მერიამ ნუცუბიძეზე „ხიდების“ რეაბილიტაციისთვის ახალი შესყიდვა გამოაცხადა

ნუცუბიძის ხიდი

თბილისის მერიამ ნუცუბიძის I-ელ მიკრო რაიონში სამ კორპუსს შორის არსებული სახიდე გადასასვლელების რეაბილიტაციისთვის წელს უკვე მესამე ტენდერი გამოაცხადა.

პირველი ტენდერის თანახმად, წინადადებების მიღება 23 ივნისს დაიწყო და 28 ივნისს დასრულდა. შესყიდვის ღირებულება კი, 324 807 ლარი იყო.

მეორედ გამოცხადებული ტენდერით, განცხადებების მიღება 1-ელ აგვისტოს სრულდებოდა, ხიდების რეაბილიტაციაზე 487 470 ლარი იყო გამოყოფილი თუმცა, მეორე ტენდერიც არ შედგა. ბოლო 12 აგვისტოს გამოცხადებულ ტენდერზე კი, განცხადებების მიღების ვადა 2 სექტემბერია.

როგორც წინა სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, ხიდების ტექნიკური შეფასებისას არ გამოვლენილა ექსპლუატაციისთვის შეუსაბამო და საშიში დეფექტები და დაზიანებები. ხიდებზე დაფიქსირებული დაზიანებები ექვემდებარება აღმოფხვრას სარეაბილიტაციო ფარგლებში განხორციელებული სამუშაოებით.

სამუშაოების შესრულების ვადა 4 თვე, საგარანტიო ვადა კი 3 წელია.

სამი თექვსმეტსართულიანი კორპუსი, რომლებიც სხვადასხვა სიმაღლეზეა აშენებული, ერთმანეთს ლითონის კონსტრუქციის საფეხმავლო ხიდით უკავშირდება.ხიდი ნუცუბიძის ქუჩას პირველი მიკრორაიონის ზედა პლატოსთან აკავშირებს. გადასასვლელი ხიდი პირველი კორპუსის მე-14 სართულზე იწყება, გადადის შემდეგი კორპუსის მე-12-ზე და საბოლოოდ უერთდება მესამე კორპუსის მე-10 სართულს საიდანაც შემდეგ ავტობუსის გაჩერებასთან, საავტომობილო გზას უერთდება.

შ.ნუცუბიძის I მ/რ კორპ. #213/1, კორპ. 213/2 და ნუცუბიძის I მ/რ. კორ. #3-ის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდები წარმოადგენენ 1974წ. აშენებული საცხოვრებელი კომპლექსის “შატილის” ნაწილს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები