ორი კომპანია გამოჩნდა, რომელთაც ჩემთან ერთად სახედარის ფერმების გაკეთება უნდათ, - ამის შესახებ ვირების ფერმა “სახე-დარის” დამფუძნებელმა, თემურ ლომიძემ bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა. როგორც მან განაცხადა, ერთ შემთხვევაში მოლაპარაკებები თითქმის ბოლო ეტაპზეა.
„ერთ-ერთი დაინტერესებული პირი ჩემთან ერთად წალკაში აპირებს ვირების ფერმის გაკეთებას, ჩემი ფერმის ბაზაზე. გარდა ამისა, ახალციხეში არის დაინტერესება, სურთ დიდი ფერმის გაკეთება“, - განაცხადა ფერმერმა და დასძინა, რომ ფინანსური რესურსის გაღებას თავად დაინტერესებული მხარეები მოიაზრებენ.
გარდა ამისა, ვირების ფერმის დამფუძნებელი ამბობს, რომ საკვები დანამატების სახით ვირის რძის ფხვნილისგან აბების წარმოებასაც გეგმავს.
“საუბარია იმუნიტეტის ასამაღლებელ აბებზე. ამაზე ინტენსიურად ვმუშაობთ და ალბათ, ძალიან მალე გაიყიდება. ფაქტობრივად, ამისთვის ფულადი რესურსი ბევრი არც დაგვჭირდება, ვინაიდან მისი დამზადება არ არის რთული და დიდ დანახარჯებსაც არ მოითხოვს. ერთადერთი, რაც საჭირო იქნება, ესაა სააფთიაქო ქსელების გვერდზე დგომა“, - აღნიშნა „სახე-დარის“ დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, ვირების ფერმა „სახე-დარი“ 120 სული ვირისგან შედგება. ფერმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. გარდა ვირის რძისა, „სახე-დარი“ მისგან დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის კოსმეტიკურ საშუალებებსა და საპნებსაც აწარმოებს.