მე მაქვს ჩემი პროტესტი, რუსეთი ოკუპანტია, ორი კვირა იქნება თუ ერთი, როგორც კი მოვიხდი სასჯელს, გავალ რუსთაველზე სისხლის წესით. ვიბრძოლებ ბოლომდე. ბოლომდე! სისხლის სამართლით ხო მეკუთვნის?! გავალ მე, არ შევშინდები. რუსეთი ოკუპანტია, რომელმაც გენოციდი მოგვიწყო. წავალ სისხლის სამართალზე, ეს არის ჩემი პროტესტი. ერთიც რომ დავრჩე ბებო მე იქ ვიქნები“, - ეს დაკავებულმა აზა ჩილაჩავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მის სიტყვას "პუბლიკა" ავრცელებს.
71 წლის დევნილ ქალს პოლიცია "გზის გადაკეტვას ედავება". ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლო მის ადმინისტრაციულ საქმეზე სასჯელის ზომაზე მსჯელობს.
მიმდინარე წლის ოქტომბერში "ქართული ოცნების" პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. იგივე ქმედების განმეორება კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია.
მთავარი ფოტო: რადიო თავისუფლება


























