მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ორი რუმინული კომპანია საქართველოში ინვესტირებას განიხილავს - რუმინეთის SME ბიზნესის კონფედერაცია

რუმინული ბიზნესი

რუმინეთის მცირე და საშუალო ბიზნესის კონფედერაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში ინვესტირებით ორი რუმინული კომპანიაა დაინტერესებული.

ამის შესახებ BMG-სთან გაერთიანების საპატიო პრეზიდენტმა, ოვიდიუ ნიკულესკუმ განაცხადა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ საქართველო-რუმინეთის ბიზნესწრეების შეხვედრას ესწრებოდა.

მისი თქმით, რუმინული კომპანიები თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ტერიტორიაზე საქმიანობით არიან დაინტერესებული. ოვიდიუ ნიკულესკუ მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება ხელს არ შეუშლის რუმინულ კომპანიებს ბიზნესის დაწყებაში.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს პერიოდი საუკეთესო არ არის. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში უკეთესი პოლიტიკური მდგომარეობა გვექნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ხელს არ შეუშლის რუმინულ კომპანიებს საქართველოში ბიზნესის დაწყებასა და კეთებაში. რუმინეთსა და საქართველოს შორის ბიზნეს ურთიერთობები ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარკვეულწილად გაიზარდა, მაგრამ როგორც დღეს ვნახეთ, დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები არსებობს, რათა უფრო სწრაფად და ეფექტურად განვვითარდეთ.

უკვე ვიცით, რომ ორ რუმინულ კომპანიას სურს ინვესტიციების ჩადება საქართველოში, ისინი განსაკუთრებით თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე ინვესტირებით არიან დაინტერესებულები, იქ არსებული ხელსაყრელი პირობების გამო. მათგან ერთ-ერთი კომპანია ციფრულ სფეროში ოპერირებს. ის რუმინული ბანკებისთვის ციფრული დაცვის აღჭურვილობის ერთ-ერთი უდიდესი მიმწოდებელია. ამ ეტაპზე კომპანიები ინვესტირების შესაძლებლობებს ქართველ კოლეგებთან განიხილავენ“, - განაცხადა ოვიდიუ ნიკულესკუმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები