ევროსაბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბელაიმ საარჩევნო პროცესი და შედეგები შეაფასა.
ბელაიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროცესში არათანაბარი პირობები და ნაკლოვანებები ძირს უთხრის არჩევნების ნდობას არჩევნების სამართლიანობის მიმართ.
"არჩევნების ხარისხი ასახავდა იმ ტენდენციას, რომელიც შევამჩნიეთ ასევე წინასაარჩევნო პერიოდშიც. მასში შედიოდა შეკითხვები სახელმწიფო ინსტიტუციების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ, გვაშფოთებდა სიძულვილის ენა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და ასევე, განსხვავებული შეხედულებების მიმართ, რაც ასევე უკავშირდება უცხოური გამჭვირვალობის ზეგავლენის კანონის მიღებას, რამაც ასევე განხეთქილება შემოიტანა.
დაკვირვების დროს, ჩვენ შევამჩნიეთ, შემთხვევები, როცა ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა და ორმაგად ხმის მიცემა. განსაკუთრებით სოფლად.
ჩვენი დაკვირვებით, ორი სამყარო არსებობდა უბნის შიგნით და გარეთ. უბნის შიგნით პროცესი იყო კარგად ადმინისტრირებული და მეორე სამყარო ეს იყო საარჩევნო უბნის გარეთ. მმართველი პარტიის კამერების არსებობა საარჩევნო უბნების წინ და ასევე ამომრჩევლების აღრიცხვა, რაც ქმნიდა ზეწოლის კლიმატს და ასევე, პარტიის მხრიდან არსებული დაშინება. იყო შეგრძნება, რომ "დიდი ძმა გვიყურებს".
ასევე, იყო არათანაბარი პირობები და ნაკლოვანებები პროცესის დროს, ეს ძირს უთხრის არჩევნების დამაჯერებლობას და ასევე, მის სამართლიანობას; როცა ჩვენ ვაკვირდებოდით პროცესს, ერთ-ერთი დამკვირვებლის მანქანას ვანდალურად დაესხნენ თავს. ასეთ ფაქტებს უნდა მიაქციოს ყურადღება ხელისუფლებამ", - განაცხადა იულიან ბულაიმ.
(თარგმანი - ორგანიზაციების მიერ უზრუნველყოფილი სინქრონული თარგმანის მიხედვით).
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] 32-წევრიანი დელეგაციით, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასა და ეუთო/ოდირის დამკვირვებლებთან ერთად აკვირდებოდა 26 ოქტომბრის არჩევნებს. PACE-ს დელეგაცია საქართველოში 24 ოქტომბერს ჩამოვიდა და დღეს სრულდება. დელეგაციას ALDE-ს წევრი, იულიან ბულაი ხელმძღვანელობს.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჯამში 42 ქვეყნის წარმომადგენელი 529 დამკვირვებლით მუშაობდა. მათ შორის იყო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოგზავნილი 380 ექსპერტი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 60 პარლამენტარი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია (PACE), ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 38-წევრიანი დელეგაცია (NATO PA).


























