მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორი საქმე არბიტრაჟში და ორი განაჩენი - ყველაფერი ანაკლიის დავის შესახებ

ანაკლია

ბობ მეიერის საარბიტრაჟო დავა:

დასრულდა ორივე საარბიტრაჟო დავა, რაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტს უკავშირდებოდა. 2025 წლის 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით ვაშინგტონის საერთაშორისო არბიტრაჟმა (ICSID) არ დააკმაყოფილა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანაინვესტორის ბობ მეიერის სარჩელი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს თანახმად, 64 მილიონი დოლარის კომპენსაციის მიღებას შეეხებოდა. სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ბობ მეიერს სახელმწიფოსთვის იურიდიული ხარჯების ანაზღაურების, ასევე არბიტრების მომსახურების ანაზღაურების სახით 6.5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საარბიტრაჟო დავა:

ზუსტად ერთი წლის წინ, 2024 წლის 30 ივლისს დასრულდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ძირითადი საარბიტრაჟო დავა. კონსორციუმის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მას არბიტრების მომსახურების ანაზღაურების სახით 650,000 დოლარის გადახდა დაეკისრა. ამ დავაში იუსტიციის სამინისტროს თავდაპირველი განცხადებით, კონსორციუმი 1.5 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ითხოვდა, თუმცა შემდგომ თავად კონსორციუმმა განმარტა, რომ მოთხოვნილი კომპენსაცია 476 მილიონი დოლარი იყო. თუმცა საბოლოოდ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ორივე სარჩელის მთავარ საკითხს წარმოადგენდა ის, თუ რამდენად კანონიერად მოქმედებდა სახელმწიფო როდესაც 2020 წლის იანვარში ცალმხრივად გაწყვიტა 2016 წლის 3 ოქტომბერს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დადებული საინვესტიციო შეთანხმება.

შესაბამისად, მოსარჩელეებმა ორივე საარბიტრაჟო დავა წააგეს. მთავრობას ამ საქმეში საერთაშორისო იურიდიული ფირმა White & Case-ი წარმოადგენდა, რომლის იურისტებმაც მთლიანობაში 70 მილიონი ლარის ჰონორარი მიიღეს. შესაბამისად, მთავრობის რეალური დანახარჯი ამ დავაში არის რამდენჯერმე უფრო მაღალი, ვიდრე მოსარჩელეთა მიმართ არბიტრაჟის მიერ მიღებული ორი განაჩენი - $650,000-ის და $6.5 მილიონი დოლარის გადახდის ვალდებულება.

ბობ მეიერის განცხადება:

"ბატონი მეიერის სარჩელი საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) შეტანილ იქნა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დადებული, „ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების (BIT) საფუძველზე.

ბატონი მეიერის სარჩელი მიზნად ისახავდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმში (ADC) მისი ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურებას, საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ADC-სთან დადებული ინვესტიციის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ. 2025 წლის 30 ივლისს, ICSID-ის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ბატონი მაიერის სარჩელი არ დაკმაყოფილდა,"- ნათქვამია ბობ მეიერის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ორივე საარბიტრაჟო დავა შეეხებოდა იმას, დაარღვია თუ არა საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმება 2020 წლის იანვარში, მაშინ როდესაც კონსორციუმთან შეთანხმება ცალმხრივად გაწყვიტა. კონსორციუმი მიუთითებდა, რომ არაერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო მათი საქმიანობის მიმართ საბოტაჟს ცდილობდა.

ანაკლიის პორტის მომავალი არსებული ვითარება:

რა ხდება პორტზე ამჟამად - 2024 წლის მაისში ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ პორტის ინვესტორის შესარჩევად ჩატარებულ ხელმეორე საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური კონსორციუმი CCCC იყო და ის ოფიციალურად გამარჯვებულად "რამდენიმე დღეში" დასახელდებოდა. თუმცა ეს რამდენიმე დღე რეალურად ერთი წელი და ორი თვეა გრძელდება. თავად CCCC-ის პროექტთან დაკავშირებით არავითარი განცხადება არ გაუკეთებია. კონკრეტული თარიღი თუ როდის შეიძლება კომპანია კონკურსის გამარჯვებულად ოფიციალურად დასახელდეს არც ეკონომიკის ახალ მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს არ გაუკეთებია. შესაბამისად, პროექტის განხორციელება კვლავ ბუნდოვანებით არის მოცული.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი - სრული ქრონოლოგია 11 წლის განმავლობაში

"ქართული ოცნების" მთავრობის პირობებში, ანაკლიის პორტის პროექტი 2014 წლის 5 აგვისტოს დაიწყო, როდესაც მთავრობამ პორტის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. მას შემდეგ უკვე 10 წელი გავიდა და ეს პორტი ჯერ კიდევ არ არსებობს.

  • 2014 წლის 5 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ პერიოდში პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკის მინისტრის პოსტს კი გიორგი კვირიკაშვილი იკავებდა.
  • სამთავრობო კომისიამ 12 განაცხადის შესწავლა-შეფასების შემდგომ გამოავლინა 7 კომპანია. საბოლოო წინადადება მხოლოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ წარადგინა და იგი 2016 წლის 5 თებერვალს გამარჯვებულად გამოცხადდა. პროექტი მაშინდელმა პრემიერ- მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.
  • 9-თვიანი მოლაპარაკების შემდეგ, შეიცვალა პროექტის განვითარების ქრონოლოგია და 7 ფაზის ნაცვლად პროექტის სახელმწიფო და ინვესტორი 9 ფაზად განვითარებაზე შეთანხმდნენ. ამასთან, კონსორციუმი სახელმწიფოსთან შეთანხმდა, რომ პროექტის საკრედიტო დაფინანსებას გამოყოფდა “საპარტნიორო ფონდიც”, რაც $100 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო. ამასთან, ფონდი გამოყოფდა სესხს მაშინ, თუკი კონსორციუმი მოიძიებდა პროექტის განვითარების ძირითად კაპიტალს $400 მილიონის ოდენობით, რომლისთვისაც კრედიტები საერთაშორისო დონორული ინსტიტუტებისგან უნდა აეღო.
  • 2016 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმდა ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის და ოპერირების საინვესტიციო ხელშეკრულება.
  • ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფოს ვალდებულება იყო პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის გადაცემა და საგზაო-სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პორტამდე მიყვანა.
  • დადგენილ ვადებში კონსორციუმს გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და კერძო პირებისაგან გამოსყიდული მიწის ნაკვეთები. დანარჩენი მიწები კონსორციუმს გადაეცემა პორტის მშენებლობის პირველი ფაზისათვის. მიწების გამოსყიდვა ეკონომიკის სამინისტრომ დააფინანსა და ის 64 მილიონი ლარი დაჯდა.
  • პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის მთავრობამ პროექტი მოამზადა, თუმცა სახელმწიფოს გზის და რკინიგზის მშენებლობის ტენდერი არ გამოუცხადებია, შესაბამისად აღნიშნული ინფრასტრუქტურა დღემდე არ არსებობს.
  • აღნიშნულ პერიოდში პროექტის წარმმართველი ინფრასტრუქტურის სამინისტრო იყო, მაშინ სამინისტრო აცხადებდა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან შეთანხმების საფუძველზე საინვესტიციო შეთანხმებაში 40-ზე მეტი ცვლილება გავიდა. 2019 წლის ჩათვლით, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის შეთანხმების საფუძველზე 6-ჯერ გადავადდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თარიღი. აღნიშნულ პერიოდში ანაკლიის კონსორციუმი მოლაპარაკებებს მართავდა EBRD, EIB, OPIC და ADB-თან, რათა მათ გამოეყოთ $100-100-100-100 მილიონიანი კრედიტები პროექტის განვითარებისთვის.
  • 2018 წლის დეკემბრიდან კონსორციუმის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან სესხის მისაღებად მოლაპარაკებებში ჩაერთო მთავრობა. ბანკებმა მთავრობას ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების 8 პუნქტიანი პაკეტი წარუდგინეს.
  • 2019 წლის მაისში მთავრობა ყველა ახალ პირობას დათანხმდა, გარდა კერძო ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევისა და 400 მილიონი დოლარის სესხის სრულად უზრუნველყოფისა.
  • 2019 წლის ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ბახტაძესთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აშშ იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო პორტის [ანაკლიის პორტის] პროექტს დაასრულებს.
  • 2019 წლის 15 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, როცა კონსორციუმს უნდა წარედგინა120 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალის შევსების თაობაზე მავალდებულებელი შეთანხმება, ასევე - კრედიტორებთან დაფინანსების მისაღებად გასაფორმებელი დოკუმენტის პროექტი. ეს ვადა მთავრობამ გაახანგრძლივა 2020 წლის ბოლომდე.

2020 წლამდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პროექტზე 79 მილიონი დოლარი ჰქონდა დახარჯული. ეს თანხები ცალკეული მიმართულებით ასე ნაწილდება:

  • სამშენებლო სამუშაოები (ანაკლიაში ფსკერის დაღმავება, პორტისთვის ტერიტორიის მომზადება) - $35 მილიონი დოლარი;
  • საზღვაო და საინჟინრო კვლევები - $13 მილიონი დოლარი;
  • სახელმწიფოსთვის გადახდილი გადასახადები და მოსაკრებლები - $7 მილიონი დოლარი;
  • დეტალური დიზაინის მომზადება - $4 მილიონი დოლარი;
  • პროექტის დაგეგმარება და მენეჯმენტი - $4 მილიონი დოლარი;
  • დაფინანსების მობილიზება და იურიდიული ხარჯი - $4 მილიონი დოლარი;
  • გარემოზე ზემოქმედების კვლევები და გარემოზე ზემოქმედების შემსუბუქების ღონისძიებები - $2 მილიონი დოლარი;
  • სხვა ხარჯები - $3 მილიონი დოლარი.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან მიმდინარე მოლაპარაკებებში კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტები სახელმწიფოსგან მეტ ფინანსურ გარანტიას მოითხოვდნენ, საიდანაც მთავარი ტვირთბრუნვის რისკის დარღვევა იყო. ასევე სახელმწიფოს მხრიდან ფორს-მაჟორებზე პასუხისმგებლობის აღება.

მთავრობის მიერ ფაბრიკაციული სარჩელი ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ და 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების მოშლა

თუმცა, პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფომ თავად შექმნა მნიშვნელოვანი ფორს-მაჟორი, როდესაც 2019 წლის 24 ივლისს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ, რაც აღნიშნულ დავამდე 15 წლით ადრე, TBC ბანკში განხორციელებულ ოპერაციებს უკავშირდებოდა. ხაზარაძე-ჯაფარიძის განცხადებით, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში პოლიტიკაში არ მონაწილეობდნენ და TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები ეკავათ. მათი განცხადების თანახმად, მომხდარი სწორედ ანაკლიის პორტის განვითარების ხელშეშლის მიზნით განხორციელდა. სამართლებრივ დავას ხაზარაძისა და ჯაფარიძის პოლიტიკური საქმიანობის დაწყება და მათ მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პარტია “ლელოს” დაფუძნება მოჰყვა.

აღნიშნულ პერიოდში მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიუთითებდნენ, რომ ბრალდების მიზანი იყო, რომ მათ ვერ შეძლებოდათ კონსორციუმის სახელით საკრედიტო დაფინანსების მიღება. 2020 წლის იანვარში მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო შეთანხმება მოშალა.

მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად სახელმწიფომ საქმე აღძრა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგაც. სასამართლომ განაჩენი 2022 წლის 12 იანვარს გამოიტანა. მოსამართლემ ბრალის გადაკვალიფიცირება თაღლითობის მუხლით მოახდინა და 7-7-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოიტანა, თუმცა აღნიშნული მუხლის ხანდაზმულობა გასული იყო და განაჩენს პატიმრობა არ მოჰყოლია.

საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა

2020 წელს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი დაიწყო. ასევე დავა დაიწყო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინვესტორმა ბობ მეიერმა. კონსორციუმი მიუთითებდა, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა მიზანმიმართული ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც ინვესტორს ხელი შეეშალა და პროექტის განხორციელება ვერ მოხდა.

საქართველოს მთავრობის მიერ ამ დავასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოთხოვნილი კომპენსაცია 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. აღნიშნულ დავაში მთავრობის ინტერესებს საერთაშორისო იურიდიული ფირმა White & Case-ი იცავდა, რომელმაც გასული 5 წლის განმავლობაში მომსახურების გასამრჯელოს სახით 70 მილიონი ლარი მიიღო.

პარიზის არბიტრაჟმა განაჩენი 2024 წლის 30 ივლისს გამოიტანა და კონსორციუმის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მას არბიტრების მომსახურების სახით 650,000 დოლარის გადახდა დაევალა. ამასთან, 30 ივლისსვე კონსორციუმის იურისტებმა გააკეთეს განცხადება, რომ დავის საგანი არა 1.5 მილიარდ დოლარს, არამედ 476 მილიონ დოლარს შეეხებოდა.

2025 წლის 30 ივლისს კი ICSID-მა გამოიტანა განაჩენი ბობ მეიერის საარბიტრაჟო სარჩელზე და ის არ დააკმაყოფილა. ამასთან, მეიერს იურიდიული და არბიტრების ხარჯების ანაზღაურების სახით 6.5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

ახალი კონკურსი ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევად

2022 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტი შეცვალა. თუკი პირვანდელი პროექტით, პორტის ძირითადი აქციონერი ინვესტორი უნდა ყოფილიყო, ახალი კონფიგურაციით, პორტის 51%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მთავრობა იქნება. შესაბამისად, ინვესტორი, რომელიც პროექტის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი, მხოლოდ 49%-იან წილს დასჯერდება.

2023 წლის დასაწყისში ეკონომიკის სამინისტრომ სატენდერო განაცხადი მოამზადა და საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში უპირატესი მონაწილე 2024 წლის 29 მაისს დასახელდა. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ტენდერში გამარჯვებულად კომპანია China Communications Construction Company დასახელდა, რომელმაც სახელმწიფოს სრულყოფილი საინვესტიციო წინადადება წარუდგინა.

2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით კი CCCC გამარჯვებულად ოფიციალურად დასახელებული კვლავ არაა და უცნობია საბოლოოდ ის დასახელდება კონკურსის გამარჯვებულად, თუ კონკურსი ოფიციალურად უშედეგოდ დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები