„ჩვენ შევთანხმდით გარკვეულ ტარიფზე, რომლითაც Georgia airways-ი ისარგებლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში; ეს ტარიფი კონფიდენციალურია და ხმამაღლა ვერ გავაჟღერებ, თუმცა მთავარი გარიგებაში არის ის, რომ ორივე მხარე კმაყოფილები ვართ - ამის შესახებ Tav Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ თეა ზაქარაძემ BMG-ისთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, შეთანხმებაზე ხელი ჯერ არ არის მოწერილი, მაგრამ მიმდინარე კვირაში დასრულდება მოლაპარაკებები და დოკუმენტი ოფიციალურად გაფორმდება.
„შევთანხმდით ვალის გადახდის გრაფიკზე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო; არის პატარა დეტალები დარჩენილი, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ შეთანხმება მიღწეულია. ასე რომ, Georgia airways-ი ამატებს რეისებს ქართულ ბაზარზე, იზრდებიან, რაც გვახარებს, რადგან ეს ის ავიაკომპანიაა, რომელსაც საქართველოს ბაზრის 13% უჭირავს; ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ქართული, ეროვნული ავიაკომპანია, მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ განვითარებაში“, - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.
Tav Georgia-ის გენერალური დირექტორის მოადგილის თქმითვე, Georgia airways-ის მსგავსად, ხელს შეუწყობენ ყველა ავიაკომპანიას, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ბაზას და ფრენების სიხშირეს გაზრდის.
ცნობისთვის: Georgian Airways-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის “ტავ ჯორჯიას” მიმართ, მიღებული მომსახურეობის საფასურის სახით, დაახლოებით, 9 მილიონი ლარის დავალიანება აქვს დაგროვილი.

























