პრემიერის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ქვეყანაში მაღალი დოლარიზაცია და ჭარბვალიანობა, მთავრობას ნაბიჯები გაცილებით ადრე უნდა გადაედგა. ასე უპასუხა ბახტაძემ კითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი ჭარბვალიანობა და ამ კუთხით დაგვიანებული რეაგირება იყო.
რაც შეეხება საფინანსო სექტორში ახალ რეგულაციებს, ბახტაძე ამბობს, რომ საკითხზე კომუნიკაცია კვლავ მიმდინარეობს ეროვნულ ბანკსა და კერძო სექტორს შორის და მხარეები პოზიციების შეჯერებას შეძლებენ.
„როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ორჯერ ორი ოთხია, პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს და მე ვამბობ რომ ორჯერ ორი არის ოთხი. საქართველოში გვაქვს რისკი, რომ ჭარბვალიანობა გადავიდეს სისტემურ პრობლემაში და ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება. თქვენ თუ ნახავთ დონორების ანგარიშებს, ამას ყველა აღნიშნავს.
ასევე, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ დედოლარიზაცია. ჩვენი ამოცანაა რომ საქართველოს ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში მაქსიმალურად ეფექტურად მოვახდინოთ. გარე ფაქტორები მინიმალურ გავლენას უნდა ახდენდეს შიდა ეკონომიკაზე. სრულად ვუჭერ მხარს იმ პოლიტიკას რომელიც ჭარბვალიანობის წინააღმდეგაა. კერძო სექტორის მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცი რომ ეროვნულ ბანკსა და მათ შორის აქტიური კომუნიკაციაა და მოხდება პოზიციების შეჯერება. ჩვენ უნდა მივაღწიოთ მდგრად ზრდას.
სამწუხაროდ, საქართველომ არაერთხელ გამოსცადა თუ რამდენად მტკივნეულია გარე ფაქტორით მიღებული ზიანი ჩვენს ეკონომიკაზე. საქართველოს მთავრობას და ჩვენ გვმართებდა ამ მტკივნეული პრობლემების გადაჭრაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გაცილებით ადრე“, - ამბობს ბახტაძე.