ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმების შედეგად ბაზას, სავარაუდოდ, ოჯახების ორნიშნა რაოდენობა დატოვებს. მან ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს.
BMG დაინტერესდა, როგორია სამინისტროს მოლოდინი იმ ოჯახების რაოდენობის შესახებ, ვინც ამჟამად ბაზაში არსებული 185 ათასზე მეტი ოჯახიდან გადამოწმების შემდეგ დატოვებს ამ ბაზას, რაზეც მინისტრი ამბობს, რომ ზუსტ პროგნოზს ვერ გააკეთებს.
"პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ დრო, ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რადგან ცალკე აღებული ერთი კრიტერიუმის მიხედვით შეფასება არ გამოგვივა. აქ შეგვიძლია ვისაუბროთ ვარაუდებზე, თუმცა ორნიშნა რომ იქნება ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც რეალურად დაუდგება ეს მომენტი, ვფიქრობ, ამაზე დამაჯერებლად შეგვიძლია ვისაუბროთ. ზუსტი პროგნოზის გაკეთებისგან უმჯობესია თავი შევიკავო", - ამბობს მინისტრი.
BMG ასევე დაინტერესდა, რა თანხის დაზოგვაა მოსალოდნელი ბაზის გადახედვის შედეგად, რაზეც მინისტრმა ასე უპასუხა: "ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ გახლავთ რაიმე თანხის დაზოგვა. მიზანია მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას, რომ თითოეული თეთრი ხმარდებოდეს იმ საჭიროებას, რისთვისაც კანონმდებლობითაა განსაზღვრული".




























