ორშაბათიდან თბილისს MAN-ის 50 ახალი მწვანე ავტობუსი მოემსახურება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს ავტობუსების განახლებული პარკის წარგენისას განაცხადა.
„ვიწყებთ ყვითელი ავრობუსების პარკის ჩანაცვლებას. თქვენ იცით, რომ ყვითელი ავტობუსები სერიოზული პრობლემა იყო და არის, როგორც გამონაბოლქვის, ისე მგზავრობის თვალსაზრისით. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა პირველ ეტაპზე 90 ერთეული ავტობუსი შეგვეძინა, საიდანაც 50 უკვე დედაქალაქშია და ორშაბათიდან თბილისის მოსახლეობას მოემსახურება.“ - განაცხადა კალაძემ.
ევრო 6-ის სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები 10-მეტრიანია, ჯამში 27 სკამი აქვს, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია მგზავრთა უსაფრთხოების სისტემით - გააჩნია ძრავის განყოფილების ხანძრის გამოვლენის სისტემა, ასევე, დაცულია მოცურებისგან, ავტობუსის სალონში ინტეგრირებულია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა. გარდა ამისა, აღჭურვილია USB-დამტენების რვა წერტილით, რომელიც დამონტაჟებულია მგზავრებისათვის მოსახერხებელ ადგილზე.
ავტობუსები ასევე, აღჭურვილია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემითა და გააჩნია გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება. დედაქალაში ჯამში MAN-ის მიერ წარმოებული 90 ავტობუსი შემოვა. განახლებულ პარკს ორშაბათიდან 50, ხოლო ეტაპობრივად 40 ავტობუსი დაემატება.

























