მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორსულობისას "პარაცეტამოლის" მიღებამ შესაძლოა, ნაყოფის რეპროდუქციულ ორგანოებზე იმოქმედოს - Reuters

პარაცეტამოლი

ორსულობის დროს დედის მიერ "ტაილენოლის", იგივე პარაცეტამოლის მიღებამ შესაძლოა გავლენა გოგო შვილის რეპროდუქციული ორგანოების განვითარებაზე მოახდინოს - ამის შესახებ მკვლევრები აცხადებენ, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ მათი კვლევა ტკივილგამაყუჩებლის უშუალო ბრალეულობას არ ამტკიცებს და არც მომავალში გოგონების ფერტილობაზე რაიმე გავლენას ადასტურებს.

როგორც კვლევის ხელმძღვანელმა, კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის (Rigshospitalet) წარმომადგენელმა მარგიტ ბისტროპ ფიშერმა განაცხადა, გავლენას მოახდენს თუ არა ჩვილებში გამოვლენილი განსხვავებები მათ შემდგომ რეპროდუქციულ უნარზე და მენოპაუზის ასაკზე, ამის დასადგენად გრძელვადიანი დაკვირვება იქნება საჭირო.

ფიშერის თქმით, ქალებს, რომლებიც ორსულობისას "ტაილენოლს" (აშშ-ის ფარგლებს გარეთ ასევე ცნობილია როგორც აცეტამინოფენი ან პარაცეტამოლი) იყენებდნენ, კვლევის შედეგების გამო შეშფოთების საფუძველი არ აქვთ.

მისმა ჯგუფმა შეისწავლა სამი თვის ასაკის 302 გოგონა, რომელთა დედების მიერ "პარაცეტამოლის" მოხმარება ორსულობის პერიოდში კონტროლდებოდა.

ჩვილებიდან 92-ის შემთხვევაში პრეპარატის პირველი ზემოქმედება მუცლადყოფნისას, ორსულობის მე-17 კვირამდე დაფიქსირდა, 67 შემთხვევაში - მე-17 კვირის შემდეგ, ხოლო 143 ბავშვი გააჩინეს დედებმა, რომლებსაც ეს მედიკამენტი საერთოდ არ მიუღიათ.

"პარაცეტამოლის" ზემოქმედება შარდის ნიმუშების საფუძველზე შეფასდა, რომლებსაც ქალები რეგულარული ინტერვალებით აბარებდნენ. დედები მედიკამენტს შედარებით მცირე დოზებით იღებდნენ და რეკომენდებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას - 4 000 მილიგრამს - არცერთ მათგანს არ გადაუჭარბებია. უმეტესობა პრეპარატს თავის ან კუნთ-ძვლოვანი სისტემის ტკივილის დროს იყენებდა.

მკვლევრებმა გამოცემა Human Reproduction Open-თან განაცხადეს, რომ მუცლადყოფნისას მედიკამენტის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ჩვილებს საშუალოდ უფრო მცირე ზომის საკვერცხეები, ნაკლები რაოდენობის ფოლიკულები (სტრუქტურები, რომლებიც უმწიფარ კვერცხუჯრედებს შეიცავს), უფრო მცირე ზომის საშვილოსნო და რეპროდუქციული ჰორმონების დაბალი დონე აღენიშნებოდათ.

კვლევის თანახმად, სამი თვის გოგონებს, რომლებიც მუცლადყოფნისას "პარაცეტამოლის" ზემოქმედებას განიცდიდნენ, საშუალოდ 40%-ით მცირე საკვერცხეების მოცულობა, 13%-ით მცირე საშვილოსნოს მოცულობა და 23%-ით ნაკლები ფოლიკულების რაოდენობა ჰქონდათ.

ჩვილებს, რომლებზეც პრეპარატმა ორსულობის ადრეულ ეტაპზე - მე-17 კვირამდე - მოახდინა ზემოქმედება, ასევე აღენიშნებოდათ ანტიმიულერის ჰორმონის შედარებით დაბალი დონე, რაც საკვერცხეებში კვერცხუჯრედების რაოდენობისა და ხარისხის მაჩვენებელია.

როგორც მკვლევრები განმარტავენ, ქალის რეპროდუქციული ფუნქცია და რეპროდუქციული ასაკობრივი პერიოდი ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს ყალიბდება და გოგონები იმ კვერცხუჯრედების სრული მარაგით იბადებიან, რაც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ექნებათ.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები აქამდეც მიუთითებდა, რომ ნაყოფზე "პარაცეტამოლის" - ორსულობის დროს ყველაზე ხშირად გამოყენებადი პრეპარატის - ზემოქმედებამ შესაძლოა საკვერცხეების კვერცხუჯრედების მარაგსა და შემდგომ რეპროდუქციულ ფუნქციაზე მოახდინოს გავლენა, თუმცა ადამიანებში მსგავსი შედეგები ამ დრომდე არავის დაუფიქსირებია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორსულობისას "პარაცეტამოლის" გამოყენება აუტიზმს დაუკავშირა - ეს მოსაზრება სამედიცინო საზოგადოებამ და ჯანდაცვის წამყვანმა ორგანიზაციებმა სამეცნიერო საფუძვლის არქონის გამო კატეგორიულად უარყვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები