მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ორთაჭალაში მშენებარე ობიექტის სხვა ლოკაციებზეც გარკვეული სახის ხარვეზები გამოიკვეთა"

5c8f83815b1f5
ლიკა გურაბანიძე
18.03.19 15:36
855
ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტმა კომპანია „მჯ ალიანსს“, რომლის ორთაჭალაში მშენებარე ობიექტიდან ჩამოვარდნის შედეგად, 2 დასაქმებული გარდაიცვალა, ხარვეზის გამოსწორებამდე მშენებლობის პროცესი შეუჩერა.

როგორც „საქმის კურსში“ საუბრისას შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, „კომპანიის მიერ სიმაღლეზე შესასრულებელი სამუშაოებისადმი წაყენებული მოთხოვნები დარღვეული იყო და ეფექტური ზედამხედველობა, ასევე მონიტორინგის პროცესი არ ხდებოდა, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია“.

„უბედური შემთხვევის მოკვლევა დაიწყო. კომპანიას მშენებლობის პროცესი ხარვეზის გამოსწორებამდე შეუჩერდა. ეს უკვე კომპანიის ინტერესია, რომ მან ის შეუსაბამობა, რომელიც კანონმდებლობასთან არსებობს, რაც შეიძლება მალე გამოასწოროს. შესაბამისად, პროცესი შესაძლოა 10 დღე, 1 თვე ან მეტი ხანი გაგრძელდეს,“ - განმარტა ბექა ფერაძემ.

რაც შეეხება საქმის მოკვლევის დეტალებს, შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები კონკრეტრულ ლოკაციაზე კვირას შეისწავლეს, ხოლო რაც შეეხება, სრულფასოვანი ინსპექტირების პროცესს, როგორც ბექა ფერაძე აღნიშნავს, უწყების თანამშრომლები ჩართულები არიან და ინსპექტირება დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, გამოიკვეთა გარკვეული სახის ხარვეზები, რაც მშენებლობის სხვა ლოკაციებზეც არსებობს. მეტი დეტალები ხელმისაწვდომი იქნება მაშინ, როდესაც ინსპექტირების პროცესი დასრულდება, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ინსპექტირება და ყველა შეუსაბამობაზე ჩვენი მკაცრი რეაგირება მოხდება,“ - აღნიშნა „საქმის კურსში“ ფერაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, ორთაჭალაში მიმდინარე მშენებლობიდან სამი დასაქმებული გადმოვარდა, რომელთაგან ერთი - ადგილზე, მეორე კი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაშავებულის, 30 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები