კომპანია „მჯ ალიანსის“ გენერალური დირექტორი ზაზა იჩქიტიძე აცხადებს, რომ ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან სამი მუშის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
1tv.ge-ის ინფორმაციით, როგორც ზაზა იჩქიტიძე აცხადებს, უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის კომპანიას სპეციალური სამსახური ჰყავდა დაქირავებული.
„ერთი შეხედვით, ვიზუალური შეხედვით ჩანს, რომ სამშენებლო კალათაზე იმყოფებოდა რამდენი მუშა, ისიც არ ვიცი ზუსტად, ქვემოთ იდგა რომელიმე თუ სამივე - ზემოთ, ზუსტად არ ვიცი. მოხდა ბაგირის გაწყვეტა, რამ გაწყვიტა ბაგირი, არ ვიცით. სამუხრუჭე ბაგირმა, როგორც ჩანს არ დაიჭირა. რატომ მოხდა ეს ამას ექსპერტიზა დაადგენს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა. მათ ჰქონდათ უსაფრთხოების ღვედები, მაგრამ როგორც ჩანს, არ იყვნენ ამ ღვედებით დამაგრებულები, თუმცა დაზუსტებით არც ეს ინფორმაცია ვიცი. დამაგრებულები რომ ყოფილიყვნენ, ის დაიჭერდა და შესაძლებელი იქნებოდა გადარჩენა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი ვერსიით ე.წ რემნები არ ჰქონდათ დამაგრებული“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.
თბილისში, ორთაჭალაში მშენებლობიდან სამი მუშა დღეს გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მუშა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მესამე დაშავებული ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

























