ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისია შექმნა. 24 ივლისს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 3 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიისა და ეროვნული კინოცენტრის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ 6 განაცხადი შევიდა.
როგორც BMG-ს კინოცენტრში განუცხადეს, ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 6 ქართული ფილმი იბრძოლებს:
„ხიბულა" - რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, „ნამე" - რეჟისორი ზაზა ხალვაში, „ჰორიზონტი" - რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, „დედე" - რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, „ექვთიმე ღვთისკაცი" - რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, „ჰამლეტი" - რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი.
“რამდენიმე კვირის წინ ამერიკის კინოაკადემიამ, თხოვნით მოგვმართა რომ შეგვერჩია 2018 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. კომისიის წევრებისთვის შერჩეული ფილმების დახურული ჩვენებები 30 და 31 აგვისტოს გაიმართება, 31 აგვისტოს კი ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამარჯვებული ფილმი გამოვლინდება, რომელიც წელს საქართველოს კანდიდატი ფილმი გახდება ოსკარზე. სპეციალური კომისია, რომელიც კინოცეტრმა შექმნა, 9 წევრისგან შედგება” განუცხადეს BMG-ს კინოცენტრში.