„ისედაც სასოფლო-სამეურნეო მიწა არასდროს იყო მიმზიდველი ბანკებისთვის“, - ასე პასუხობს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და „სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“ კანონპროექტის ავტორი ოთარ დანელია ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელ ნინო ზამბახიძეს, რომელიც მორატორიუმიდან გამომდინარე სოფლის მეურნეობის სექტორის შეფერხებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ბანკებისთვის სოფლის მეურნეობის სექტორი მიმზიდველი აღარ არის.
„ისედაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არასდროს იყო მიმზიდველი ბანკებისთვის. ეს სტიმული გააჩინა იმ დახმარებებმა, რომელიც დაიწყო სახელმწიფომ. შეღავათიანი აგროკრედიტი, უფასო ხვნის პროგრამა, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანი სტიმულატორი იყო და სწორედ აქედან დაიწყო სოფლის მეურნეობის ბიძგი.
ბანკების შემთხვევაში 7-ჯერ, 8-ჯერ, 10-ჯერაც კი გაიზარდა აგროდაფინანსნების პორტფელი. შემოვიდა ბევრი დონორი ორგანიზაცია, რადგან იყო სტიმული, დაინტერესება წამოვიდა დარგში, თუმცა, რა თქმა უნდა, მორატორიუმმა შეაფერხა ეს პროცესი“, - აცხადებს დანელია.
მისი თქმით, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები მიმდინარე თვის ბოლოდან დაიწყება.
დანელია ამბობს, რომ კანონი ძალაში დაახლოებით 2 თვის ვადაში უნდა შევიდეს.
შეგახსენებთ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენა 2017 წელს გამოცხადებული მორატორიუმით დღესაც აკრძალული აქვთ.
აკრძალვა ვრცელდება იმ კომპანიებზეც, რომელთა კაპიტალის ნახევარზე მეტს უცხოელები ფლობენ. ამ კომპანიების რიგებში არიან ბანკებიც. მათ სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული მიწების დასაკუთრების და შემდგომ რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ.

























