პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ინვესტორთა საბჭოს პრეტენზიებს პასუხობს.
საქმე იმაშია, რომ მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ინვესტორთა საბჭოს წევრებმა მიწის ორგანულ კანონზე მუშაობის შესახებ მწირი ინფორმაციის გამო, უკმაყოფილება გამოთქვეს და შესაბამისი წერილით პრემიერ-მინისტრს მიმართეს.
როგორც BM.ge-ის დანელიამ განუცხადა, ინვესტორთა საბჭო "ჩქარობს", როცა პრეტენზიას გამოხატავს იმაზე, რაზეც მსჯელობა არ ყოფილა.
"თუ ინვესტორთა საბჭოს ინფორმაცია არ ჰქონდა მიწის შესახებ ორგანული კანონის პროექტზე, პრემიერთან კი არა ჩვენთან უნდა მოსულიყვნენ და ავუხსნიდით რაზე ვმუშაობთ. სამწუხაროდ, არ მოუმართავთ; რომ მოემართათ, ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდიდით", - განაცხადა დანელიამ.
ცნობისთვის: უცხოელებზე მიწის მიყიდვის ორგანული კანონის შემუშავებაში ინვესტორთა საბჭო უკვე ჩაერთო. ამის შესახებ EBRD-ის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ განაცხადა. როგორც მან განმარტა, მათი ჩართვა კანონპროექტის შემუშავებაში მას შემდეგ მოხდა, რაც ინვესტორთა საბჭომ საქართველოს პრემიერმინისტრს შესაბამისი თხოვნით და წერილით მიმართა.
ინვესტორთა საბჭო პრემიერს წერილით მიმართავს

























