ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ოთარ კახიძის განცხადებით თიბისი ბანკს, როგორც საფინანსო ინსტიტუტს გენერალურმა პროკურატურამ მიაყენა ყველაზე დიდი ზიანი.
მისი განმარტებით, ამ ზიანის მიყენებაში მონაწილეობდა როგორც ფინანსური მონიტორინგის სამსახური, ასევე, ეროვნული ბანკი და მედია.
„ქართული ოცნების წრამომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ ცინიკური განცხადებები, რომ თურმე კითხვა-პასუხი დააზიანებს საფინანსო ინსტიტუტს. საფინანსო ინსტიტუტს მას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გააკეთა განცხადება, სადაც ვრცლად არის განხილული მთელი პერიპეტიები და ფულის გამთეთრებლის იარლიყი მიაწება სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს. ამ ზიანის მიყენება განაგრძო მთელმა სახელისუფლებო Facebook ტროლ გვერდებმა, რომლებიც მანამდე თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანიაში იყო ჩართული. ამ შეტევაში მონაწილეობდა ასევე მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ფინანსური მონიტორინგის სამსახური. წაიკითხეთ პროკურატურის განცხადება, ეროვნული ბანკის განცხადება, იქ უკვე ყველა დეტალზეა საუბარი, თან მტკიცებით ფორმატში. საუბარია, არა - ბრალდებულებზე, არამედ პოტენციურ ბრალდებულებზე. უკვე ეჭვმიტანელებად გამოაცხადეს. ეს არის ზიანი, რომელიც თქვენმა გუნდმა ორკესტრირებული ქმედებით მიაყენა", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებთი პარლამენტში განმარტებების გაკეთება უპრეცედენტოა და შესაძლოა, მისმა საჯარო განხილვამ საფინანსო ინსტიტუტის ან ქვეყნის ინტერესები დააზიანოს.

























