მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოთახის ტემპერატურაზე შენახული კვერცხი არ მიირთვათ" - ივანე ჩხაიძის სააღდგომო რეკომენდაციები

643538c1a454a
სალომე ხიდურელი
11.04.23 14:52
8659
„აღდგომა ყველასთვის ასოცირდება წითელ კვერცხთან და ამიტომ, აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, არსებობს თუ არა კვერცხის მოხმარებასთან რისკები დაკავშირებული“, - ამ საკითხზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე მედიაცენტრ „მთავარში“ საუბრობს.

მისი განმარტებით, გარდა ალერგენობისა, კვერცხთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი საშიშროება ინტოქსიკაციაა, რის თავიდან ასარიდებლადაც შენახვისა და მომზადების წესების დაცვაა აუცილებელი.

„პირველ რიგში, სასურველია, რომ კვერცხი შევინახოთ არა მაცივარში კვერცხისთვის გამოყოფილ თაროზე, არამედ მის სიღრმეში, სადაც ტემპერატურა გაცილებით უფრო დაბალია.

ასევე უმჯობესია, რომ კვერცხი შეინახოთ იმ პლასტიკისა თუ მუყაოს ჩარჩოში, რომლითაც მაღაზიაში ყიდულობთ“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

რაც შეეხება სააღდგომო კვერცხის მომზადების წესებს, ექიმის განმარტებით, სალმონელოზის თავიდან არიდების მიზნით სასურველია, რომ კვერცხი იხარშებოდეს არანაკლებ 10 წუთისა.

„კვერცხი უნდა იყოს მაგრად მოხარშული, სასურველია 12 წუთის განმავლობაში, არანაკლებ 10 წუთისა. იმიტომ, რომ გვაქვს ინფექციის - სალმონელოზის რისკი. სალმონელა არის დაავადება, რომლის გამომწვევიც შეიძლება იყოს თვითონ კვერცხშიც და მის ნაჭუჭზეც. გარეგნულად კვერცხს არაფერი ეტყობა, ამიტომ მოხარშვის ხანგრძლივობის რეკომენდაცია ამ დაავადების თავიდან ასარიდებლადაა.

თუ კვერცხი გარეგნულად არის დაბინძურებული, აუცილებლად კარგად გარეცხეთ გამდინარე თბილი წყლითა და საპნით“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მედიკოსმა პრესკონფერენციაზე სააღდგომო კვერცხის შენახვის ხანგრძლივობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოთახის ტემპერატურაზე კვერცხი ვარგისიანობას ინარჩუნებს არაუმეტეს 2 საათისა.

„მოხარშული კვერცხის მაცივარში შენახვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ კვირას. მაცივარში შენახული კვერცხი ერთი კვირის მანძილზე ინარჩუნებს თავის თვისებებს და არ ხდება საშიში.

თუ კვერცხი მაცივრის გარეთ ინახება, ის ოთახის ტემპერატურაზე უნდა იყოს არაუმეტეს 2 საათისა. ასეთი რეკომენდაცია აქვს ამერიკის პედიატრთა აკადემიას, რომ აღდგომისთვის მომზადდეს ორი რიგი კვერცხი: ერთი, რომელსაც მოამზადებთ საკვებად და მეორე, რომელსაც დეკორატიული ფუნქცია ექნება. დეკორატიული კვერცხი იყოს მუდმივად თქვენს მაგიდაზე, თუმცა ეცადეთ, რომ ეს კვერცხი არ გამოიყენოთ საკვებად, განსაკუთრებით ბავშვებისთვის“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

რაც შეეხება სააღდგომო სუფრასთან დაკავშირებულ სხვა რეკომენდაციებს, პროფესორი ჩხაიძე განმარტავს, რომ კვერცხის გარდა, აღდგომის პერიოდში რისკის შემცველი პროდუქტი არ გვაქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები