მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ოტიას ეზო“ კრაფტ ლუდის წარმოების 400%-ით ზრდას გეგმავს

კრაფტ ლუდი

აგროტურისტული ობიექტი „ოტიას ეზო“ კრაფტ ლუდის წარმოების ზრდას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან ობიექტის დამფუძნებელმა, ოტია იოსელიანმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ობიექტმა შარშან კრაფტ ლუდის მოცულობები 400%-ით უკვე გაზარდა, რისთვისაც წარმოებაში საფერმენტაციო ავზები დაამატა. თუმცა, ჭარბი მოთხოვნის გათვალისწინებით, რომელსაც კომპანია ვეღარ აკმაყოფილებს, წარმადობის კიდევ 400%-იანი ზრდაა დაგეგმილი.

მისივე ცნობით, წარმადობის ზრდისთვის ახალი დანადგარების შესყიდვა იგეგმება. თუმცა მანამდე, სანამ კომპანია მოცულობებს გაზრდის, მეწარმე ქარხნის აშენებას აანონსებს, რომელიც წყალტუბოს შემოგარენში უნდა განთავსდეს.

„ახალი დანადგარების შეძენას და წარმადობის კიდევ 400%-ით ზრდას ვგეგმავთ. თუმცა, იმისათვის, რომ დანადგარები შევიძინოთ და წარმადობა გავზარდოთ, ქარხნის აშენებას ვაპირებთ, რომელიც წყალტუბოს შემოგარენში უნდა აშენდეს. ამ ეტაპზე, პროექტირება მიმდინარეობს და პროექტირების დასრულების შემდეგ უკვე გვეცოდინება კონკრეტული თანხები“, - აცხადებს ოტია იოსელიანი.

ცნობისთვის, "ოტიას ეზო" 2015 წელს ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მისი ოჯახის წევრებმა დააფუძნეს. ამჟამად მეურნეობაში - ციტრუსი, სიმინდის ფქვილი, აჯიკა, სვანური მარილი, ლობიო, თაფლი და სხვა პროდუქტები აქვთ. ამასთან, ამ დრომდე ოთხი სახის ღვინოს (ჩხავერი, ოცხანური საფერე, ცოლიკაური, ოჯალეში) აწარმოებდა. რაც შეეხება კრაფტ ლუდს, ამ დროისთვის, მეურნეობაში ხდება როგორც ლუდის ხარშვა, ისე მინის ბოთლებში (330 მლ, 550 მლ, 750 მლ) ჩამოსხმაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები