მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოთხი ძირითადი ბაზრის იმედად ვართ დარჩენილი” - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

ავტოიმპორტი

“ავტომობილების რეექსპორტში ჩვენი პარტნიორები აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი არიან”, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკაში” საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე საუბრობს.

მისი თქმით, ამ ბაზრებზე ავტომობილების რეექსპორტი რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ხარჯზე გაიზარდა.

“საექსპორტო ბაზრებს შორის რუსეთიც იყო, მაგრამ, სანქციების გამო, აგვისტო-სექტემბერში, ფაქტობრივად, განულდა - სექტემბრის მონაცემებით, მხოლოდ 26 ავტომობილია გაყვანილი და შემდეგ თვეს, სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი ნულოვანი იქნება. სამაგიეროდ, დანარჩენ ბაზრებზე გაიზარდა რეექსპორტი.

რაც შეეხება ტენდენციებს, აზერბაიჯანის ბაზარზე აგვისტოს თვეში შემცირება დაფიქსირდა, სექტემბერში კი კვლავ ზრდა ვნახეთ. წინა წელსაც რომ შევადაროთ, იმავე ტრენდს ვხედავთ - ეს უფრო სეზონურობასთანაა დაკავშირებული, ვიდრე სანქციებთან. სომხეთში აგვისტოს თვეში ავტომობილების ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ახლა მცირე ტემპებით იწყებს აღდგენას”, - აღნიშნავს ალექსი ნონიაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ სექტემბერში ყირგიზეთში საქართველოდან 2,139 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე, მათი მთლიანი ღირებულება კი 71.4 მილიონი დოლარი იყო. ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობით 2019 წლამდე მაჩვენებლებს ვუბრუნდებით და, შესაბამისად, სტატისტიკა რუსეთის მიერ, საქართველოსა და ყირგიზეთის გავლით, სანქციებისთვის თავის არიდების მცდელობაზე არ მეტყველებს.

“ავტომობილების რაოდენობითა და ვაჭრობის მოცულობით ნელ-ნელა დავუბრუნდით 2019 წლის პანდემიამდელ მონაცემებს, როდესაც არც სანქციები არსებობდა. ბაზარმა ნელ-ნელა დაიწყო გადაწყობა, განსაკუთრებული არაფერი ხდება.

ფაქტობრივად, დარჩენილი ვართ 4 ძირითადი ბაზრის - აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი - იმედად. ყველაზე მაღალი ფასით ავტომობილები ყირგიზეთში გადის, საკმაოდ არამდიდარი რესპუბლიკაა და ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, კითხვებს აჩენდეს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ყაზახეთში, სულ რაღაც 400 ერთეულით გაიზარდა რეექსპორტი. ამიტომ დადასტურებულად ვერ ვისაუბრებთ, ავტომობილების რა რაოდენობით რჩება რუსეთსა და ყაზახეთში”, - ამბობს ალექსი ნონიაძე.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 26 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ევროკავშირის სანქცია რუსეთში ევროპული ავტომობილების ექსპორტის აკრძალვის თაობაზე, რომელსაც საქართველოც მიუერთდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები