მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოთხი ფარმაცევტული კომპანიის სარჩელი ისევ პირველ ინსტანციაშია

წამლები

კონკურენციის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქედელიძე ამბობს, რომ ოთხი ფარმაცევტული კომპანიის სარჩელს ისევ პირველი ინსტანციის სასამართლო განიხილავს.

"სააგენტომ დაჯარიმების გადაწყვეტილება 2023 წლის 29 დეკემბერს გამოიტანა, სასამართლო წარმოება ამ ეტაპზე პირველ ინსტანციაშია. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, თუმცა მაინც ვცდილობთ ჩვენი პოზიციები არგუმენტირებულად დავიცვათ სასამართლოზე. [სასამართლოში დავობს] ავერსი; გეფა; PSP და მერმისი", - ამბობს ქედელიძე.

2023 წლის დეკემბერში კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში 4 კომპანია შეთანხმებული ქმედების გამო დააჯარიმა. სააგენტოს ცნობით, საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.

სააგენტოს ინფორმაციით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით) 4 კომპანიის მიერ- ავერსი, გეფა (ჯიპისი და ფარმადეპო), პსპ და მერმისი- ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას.

მათივე ცნობით, სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებულ იქნა 42 მედიკამენტი, სადაც 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები 1 თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები