ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, მოსახლეობისათვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენიმე კომპლექსური ნაბიჯითაა შესაძლებელი.
როგორც BMG-სთან ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, წამლებზე ჯიბიდან გადახდების შესამცირებლად ისეთი ნაბიჯებია გადასადგმელი როგორიცაა მათ შორის რეფერენტული ფასების რეგულაციის მედიკამენტების უფრო ფართო ჯგუფზე გავრცელება.
ამასთან, ირაკლი მარგველაშვილი თქმით, გასათვალისწინებელია ისეთი მიმართულებები როგორიცაა ადგილობრივი ფარმაციის სექტორის ხელშეწყობა და სახელმწიფო პროგრამების გაფართოება.
“ახალი ჩვენთვის იქნება ის, რომ არსებული მეთოდოლოგიები დავხვეწოთ. უკვე მეოთხე წელია საქართველოში [მედიკამენტებზე] ფასების რეგულაცია შემოვიდა, რეფერენტული ფასწარმოქმნა. ამ სისტემას დახვეწა სჭირდება, რადგან ხარვეზები აქვს. როგორც ამ სისტემის დახვეწა, ასევე მისი უფრო ფართო [მეტ წამალზე] გავრცელება.
მეორე – ადგილობრივი წარმოების განვითარება, რაც ზრდის კონკურენციას. კონკურენცია იზომება არა მხოლოდ აფთიაქების რაოდენობით, არამედ მედიკამენტების ასორტიმენტით. ადგილობრივ წარმოებას სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სჭირდება. ამის ნათელი მაგალითია თურქეთი, სადაც დაბალი ფასების ერთ-ერთი მიზეზი ძლიერი ადგილობრივი წარმოებაა.
მესამე – სახელმწიფო პროგრამების გაფართოება. ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ყველაფერს იყიდის, მაგრამ როცა მეტი პროგრამა ვრცელდება, ეს იწვევს ფასების დაწევას. თურქეთში მოსახლეობა ჯანდაცვაზე საკუთარი შემოსავლის მხოლოდ 2.3%-ს ხარჯავს, როცა ევროპაში ეს მაჩვენებელი 3.5-4%-ია. თურქეთში სახელმწიფო დაფინანსება დიდია, რაც ფარმაცევტულ კომპანიებს აძლევს საშუალებას მნიშვნელოვნად დაწიონ ფასები გარანტირებული შესყიდვების გამო.
და მეოთხე – პოლიპრაგმაზია, ანუ არასწორად და არამიზნობრივად დანიშნული მედიკამენტები და მათი ჭარბი მოხმარება. ეს არის სოციალური ტვირთი. ამ ოთხი მიმართულების დახვეწამ შეიძლება 15, 20, 40%-ით შეამციროს თითოეული ადამიანის ხარჯი მედიკამენტებზე”, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.




























