გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერებმა რუსეთს ზამთრის პერიოდში ენერგეტიკული ზავის გამოცხადებისკენ მოუწოდეს. მათი ერთობლივი განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის პირველ ნაბიჯად მოსკოვი ენერგეტიკულ ზავსა და შავ ზღვაში სურსათის ექსპორტისთვის უსაფრთხო ნაოსნობის აღდგენას უნდა დათანხმდეს.
ლიდერების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ასევე წერია, რომ ისინი მხარს უჭერენ უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირ დიალოგს, რომელშიც აშშ და ევროპა ჩაერთვებიან. დოკუმენტის მიხედვით, სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარი პრიორიტეტი საომარი მოქმედებების შეწყვეტა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა უნდა იყოს, ხოლო გაყინული რუსული სუვერენული აქტივები ომის შეწყვეტამდე და ზარალის ანაზღაურებამდე დაბლოკილი დარჩება.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებისთანავე უკრაინამ აშშ-თან კოორდინირებული, იურიდიულად სავალდებულო თავდაცვითი გარანტიები უნდა მიიღოს, რაც ქვეყანაში ევროპის ხელმძღვანელობითა და აშშ-ის მხარდაჭერით მრავალეროვნული ძალების განთავსებასაც ითვალისწინებს.
ეს გარანტიები აშშ-ის ხელმძღვანელობით ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმში მონაწილეობასა და ახალი რუსული თავდასხმის შემთხვევაში მშვიდობის აღსადგენად ზომების მიღების ვალდებულებასაც მოიცავს.
დოკუმენტში ოთხი სახელმწიფოს ლიდერები ადასტურებენ, რომ მოკავშირეები 2026 წელს უკრაინისთვის €70 მილიარდის სამხედრო დახმარების გამოყოფის ვალდებულებას სრულად შეასრულებენ, 2027 წლის ბოლომდე კი ევროკავშირის სესხის ფარგლებში კიევს სამხედრო და ფინანსური საჭიროებებისთვის დამატებით €90 მილიარდს მიაწვდიან. ზამთრის მოახლოებასთან ერთად პარტნიორები მესამე ქვეყნებთან ერთად უკრაინის საჰაერო თავდაცვის, განსაკუთრებით კი ბალისტიკური რაკეტების გადამჭერი სისტემების გაძლიერებაზეც იმუშავებენ.
ამასთან, ლიდერები რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას გაზრდიან და სანქციების გვერდის ავლის აღკვეთას გააძლიერებენ, რაც რუსული ნავთობისა და გაზის შემოსავლების, კრიპტოვალუტების, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დამატებით ზომებს მოიცავს.
























