გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებლის და ტურისტული სააგენტო "კლარკ & რობინსონის“ აღმასრულებელი დირექტორის მამუკა კელაურაძის შეფასებით, ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კადრების დეფიციტი რჩება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.
- ტურიზმის სექტორში კადრების საოცარი დეფიციტია; დახურულ ჯგუფებში, სხვადასხვა პლატფორმაზე ყოველდღიურად ქვეყნდება ვაკანსიები, რომ ეძებენ კვალიფიციურ ტურაგენტს, გიდს და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი უნივერსიტეტში არის ტურიზმის ფაკულტეტი, სამწუხაროდ, კადრების დეფიციტია...
- სად მიდიან სწავლის დამთავრების შემდეგ თუ დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნები და მოლოდინები ვერ ემთხვევა ერთმანეთს?
- არ ვიცი... იყო ასეთი შემთხვევა, როცა პანდემიის შემდეგ, ერთ-ერთ ლიდერ უნივერსიტეტს ვთხოვეთ, გამოეშვათ ყველაზე კარგი კურსდამთავრებული; მოვიდა და წარმოიდგინეთ, არაფერი იცოდა... მე ლექციებს არ ვკითხულობ, ამიტომ არ ვიცი, უნივერსიტეტებში, ტურიზმის ფაკულტეტზე რას ასწავლიან. ყოველ შემთხვევაში, ის, რაც ჩვენ გჭირდება, იმ ახალგაზრდამ არ იცოდა; კითხვები დაუვსით და ვერ გვიპასუხა; როგორც ჩანს, უნივერსიტეტებში ოთხი წელი რაღაცას ასწავლიან, რაც მიაჩნათ რომ სწორია, მაგრამ ბაკალავრიატს ამთავრებენ და სპეციალობის შესახებ არაფერი იციან. მე საბჭოთა კავშირის დროს ვიყავი სტუდენტი; განათლების ქიმიკოსი ვარ და როცა დავამთავრე ინსტიტუტი, ჩემი სპეციალობის გაგებაში არ ვიყავი. მაშინ ასე იყო - მინიმალური რაღაცეები უნდა გცოდნოდა და დანარჩენს მუშაობის დროს სწავლობდით. ახლაც თუ ასე ფიქრობენ, არ ვიცი, მაგრამ მგონი, უფრო უარესი სიტუაციაა.
- ანუ უნივერსიტეტებში ვერ ასწავლიან იმას, რაზედაც შრომის ბაზარზეა მოთხოვნა?
- ოთხი წელი ტურიზმის ფაკულტეტზე რას ასწავლიან, მართლა არ ვიცი; რისთვის არის საჭირო ოთხი წელი?! ვფიქრობ, ახლა იმას ასწავლიან უნივერსიტეტებში, რასაც ჩვენ სკოლაში ვსწავლობდით. როგორც ვიცი, გარკვეული საბაკალავრო პროგრამების 4-დან 3 წლამდე შემცირება იგეგმება და კარგია, წელი არ დაიკარგება.