ამერიკის ჯარის თადარიგის პოლკოვნიკი და „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის პროგრამის დირექტორი, ბობ ჰამილტონი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" აშშ-ის პოლიტიკის თაობაზე ცდება. მან ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
პოლკოვნიკმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მისასალმებელია, თუმცა ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო. მისი შეფასებით, აშშ-ის მიერ გამოყენებული სანქციების მექანიზმი გზავნილია, რომ ამერიკა ხედავს საქართველოს არა მხოლოდ როგორც ავტორიტარულს, როგორც პრორუსულსაც.
"მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის მთავრობამ გამოიყენა სანქციების ის მექანიზმი და კანონმდებლობა, ის უფლებამოსილება, რომელიც საშუალებას იძლევა დაასანქცირონ ის ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან.
ეს სიგნალი იყო ვაშინგტონიდან, თეთრი სახლიდან საქართველოს მთავრობისთვის, რომ ახლა ამერიკა საქართველოს ტრაექტორიას აი, ასე ხედავს - არა მხოლოდ როგორც მზარდად ავტორიტარულს და ზოგ შემთხვევაში ძალადობრივ ავტორიტარიზმს, მაგრამ ასევე იმ ევროპული მომავლისგან დაშორებას, რომელიც ქართველი ხალხის 80%-ის თქმით, მას სურს, და რუსეთისკენ მიბრუნებას",- განაცხადა ბობ ჰამილტონმა.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სანქციები ჯილდოა ქვეყნის ეროვნული ინტერესების მსახურებისთვის და 20 იანვრის შემდეგ ყველაფერი გაუმჯობესდება, ჰამილტონის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არასწორი აღქმა აქვს აშშ-სთან დაკავშირებით.
“ქართული ოცნების” ხელისუფლება იმავე შეცდომას უშვებს, რასაც ბევრი სხვა მთავრობა [მსოფლიოში], როცა ამერიკასთან აქვთ საქმე. ესაა არასწორი გაგება იმის, თუ როგორ მუშაობს ამერიკული სისტემა და მიიჩნევენ, რომ მთელი ძალაუფლება თეთრ სახლშია თავმოყრილი, პრეზიდენტი ტრამპი ან ბაიდენი კი ყველაფერს გააკეთებენ, რაც ენდომებათ და როგორც კი დონალდ ტრამპი ძალაუფლებას დაიბრუნებს, ყველაფერი რიგზე იქნება.
ვფიქრობ, ეს ნაწილობრივ ეფუძნება იმის აღქმას - რაც ჩემი აზრით, არასწორია - რომ ტრამპი თუ კეთილგანწყობილია ისეთი მემარჯვენე პოპულისტური ავტორიტარების მიმართ, როგორიც ორბანი, ფიცო ან ერდოღანია, ან თუნდაც პუტინი, თითქოს “ქართული ოცნება” მოექცევა ამ კატეგორიაში და თეთრი სახლი მას კეთილი ან დადებითი თვალით შეხედავს... ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ისინი თეთრი სახლის რადარზე აღმოჩნდნენ. ტრამპმა შეიძლება ერთი-ორჯერ კეთილი სიტყვებიც კი თქვას, მაგრამ შედეგად ეს რაიმე ტიპის გადატვირთვას არ გამოიწვევს.
მეორე არასწორი აღქმა კონგრესის როლს ეხება. კონგრესს ნამდვილად მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია საგარეო პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი მას თეთრი სახლი განსაზღვრავს. როდესაც საქმეში კონგრესი ერთვება, მას შეუძლია გამოსცეს კანონმდებლობა და თეთრ სახლს რაიმე ნაბიჯი გადაადგმევინოს, ან არ გადაადგმევინოს.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადისას, კონგრესმა სანქციები დაუწესა რუსეთს და ის კანონის ფორმით მიიღო. რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ კონგრესსვე შეუძლია მათი მოხსნა. როგორც წესი, თეთრი სახლი წყვეტს ამას, მაგრამ როდესაც ეს კონგრესის დაწერილია, მისი უფლებამოსილების ფარგლებშია და კანონის ფორმა აქვს, მაშინ მხოლოდ კვლავ კონგრესს შეუძლია მისი შეცვლა. მაშინ ეს კონგრესმა იმიტომ გააკეთა, რომ არსებობდა შეშფოთება, რომ თუ დონალდ ტრამპს ამის შესაძლებლობა ექნებოდა, შეიძლებოდა ეს სანქციები მოეხსნა.
ჰელსინკის კომისია, ჯო უილსონის ლიდერობით, ძალიან მტკიცე ხმაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ევროპული მომავლის თაობაზე და საქართველოს ავტორიტარული, პრორუსული შემობრუნების წინააღმდეგ",- თქვა პოლკოვნიკმა.