მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნება" არასწორი მიმართულებით მიდის... როგორ შეიძლება მაღაზიების შემცირებამ პროდუქცია გააიაფოს? - ქობულია

ქობულია

სურსათის ფასებთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” არასწორი გზით მიდის - ასე აფასებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ფასების საკითხზე შექმნილი სამთავრობო და საპარლამენტო კომისიის მუშაობას.

როგორც ქობულიამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, თუკი მთავრობას რაიმე კითხვები აქვს ბაზარზე ფასების შესაძლო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ამით ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა დაინტერესდეს. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები მაღაზიების და აფთიაქების რაოდენობის შემცირების საკითხზე ლოგიკას მოკლებულია.

„ჩემი აზრით, არასწორი მიმართულებით მიდიან. მე არ მესმის, რა საჭირო იყო საპარლამენტო კომისიის შექმნა? ჩვენ გვაქვს ანტიმონოპოლიური სამსახური, რომლის პირდაპირი მოვალეობაა, შეისწავლოს, ხომ არ ხდება ბაზარზე ფასებით მანიპულირება. საბაზრო ეკონომიკაში და დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობას ჰყავს ეს სამსახური.

პირველი, რაც უნდა ნახონ - ხომ არ ხდება კორუფციული გარიგება პროდუქციის შემოტანის ეტაპზე? წინა მთავრობის დროს მახსოვს, ამბობდნენ რომ 'შაქარი ამას შემოაქვს, ფქვილი ამას”. როდესაც ერთი შემოტანის წყაროა, კონკურენტი არ გყავს და ნებისმიერ ფასს ადებ. ეს არის პირველი საკითხი, რაც ანტიმონოპოლიურმა უნდა ნახოს. ჩემი აზრით, დღეს ეს არ ხდება საქართველოში.

მეორე - უნდა ნახონ, მსხვილი ქსელები, რომლებიც ბაზრის 70%-მდე აკონტროლებენ, ხომ არ არიან ისინი მოლაპარაკებულები ერთმანეთში ფასების აწევაზე? ამაზე არსებობს მკაფიო საერთაშორისო მეთოდოლოგია, როგორ უნდა დაითვალონ ეს. დაავალონ ანტიმონოპოლიურ სამსახურს, რა ხდება [პროდუქციის] შემოტანის ეტაპზე და ნახონ, ხომ არ ხდება კარტელური გარიგება მსხვილ ქსელებს შორის. თუ ეს არ არის, სხვა ვერაფერს გააკეთებ.

დანარჩენი ინიციატივები რაც ჟღერდება... პრემიერ-მინისტრი არ არის ეკონომისტი და მას შეიძლება არც მოეთხოვებოდეს, რომ ეს იცოდეს, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა ურჩიოს? ისეთ რაღაცებს ამბობენ, რაც ეკონომიკის პირველი კურსის სახელმძღვანელოშიც კი წერია, რომ არასწორია. მაგალითად, ავიღოთ მაღაზიების რაოდენობა. როგორ შეიძლება მაღაზიების რაოდენობის შემცირებამ გამოიწვევს ფასების შემცირება? პირიქით, მაღაზიების რაოდენობის შემცირება ფასის ზრდას გამოიწვევს. წარმოიდგინეთ, გაქვთ ერთი მაღაზია რუსთაველზე. რა ფასსაც გინდათ, იმას დაადებთ, იმიტომ რომ თუ [მომხმარებელი] თქვენთან არ იყიდის, მაშინ სხვა უბანში უნდა წავიდეს და იქ იყიდოს.

ამის გაგებას ეკონომისტობაც არ უნდა. ჩემი რჩევაა, რომ ექსპერტები აიყვანონ და ასეთი ალოგიკური რაღაცები არ ილაპარაკონ. ეს იწვევს ბიზნესმენების განერვიულებას. როდესაც ბიზნესმენს გამოიძახებ და ეკითხები, 80% არ გეტყვით, რას ფიქრობს, გიღიმით, მაგრამ ძალიან განერვიულებულია ბიზნესი. გადახედონ ამ პოლიტიკას”, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები