მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ოცნება“ დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონს ამკაცრებს – ცვლილებები ეთიკასა და შეფასების წესს ეხება

ხათუნა თოლაძე

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა.

დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვილებები კომიტეტზე მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.

მისი თქმით და კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, „კანონის რიგი ნორმები ჩაითვალა არსებულ რეალობასთან შეუსაბამოდ. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა კანონით დადგენილი ნორმების დახვეწა და არსებულ რეალობასთან მორგების აუცილებლობა”.

ინიციატორების თქმით, კანონპროექტის მიზანია არსებული ნორმების კონკრეტიზება და მოქმედ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა. ცვლილებებით მნიშვნელოვნად მკაცრდება დიპლომატიური თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მიმართ შეფასების და ეთიკური კონტროლის მექანიზმები.

კანონპროექტის მიხედვით, დიპლომატიური თანამდებობის პირის ვადამდე გაწვევა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მისი ქმედება „გამოიწვევს ქვეყნის ინტერესების ან/და იმიჯის შელახვას“ ან წინააღმდეგობაში იქნება საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან.

ძირითადი ცვლილებები:

დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებს ემატება:

  • სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულება;
  • დიპლომატიური სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვა;
  • ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელი დაცვა.
  • დიპლომატიური თანამდებობის პირის ვადამდე გაწვევის საფუძვლად

განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული ქცევის წესების დარღვევა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის ინტერესების ან/და იმიჯის შელახვა.

შეფასების პროცედურა მკაცრდება – დიპლომატიური თანამდებობის პირებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს წელიწადში ორჯერ შეაფასებენ. მოქმედი კანონით შეფასება მხოლოდ ერთხელ ტარდება. ორი არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში გათავისუფლება შესაძლებელია.

როტაციის ვადის გაგრძელება: დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებისთვის, დიპლომატიური თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის როტაციის ვადის გაგრძელება შესაძლებელი იქნება 6 თვის ნაცვლად 1 წლით.

ცვლილებების განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2025 წლის 1 მაისს ცნობილი გახდა, რომ საგარეო უწყებაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. თანამშრომლებს გადაეცათ ახალი სტრუქტურული სქემა და რეორგანიზაციის ბრძანება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები