მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნება" ისტორიაში შევა, როგორც ძალა, რომელიც ქვეყნის ბედის ისევ რუსეთთან დაკავშირებას შეეცადა - მკვლევარი

თორნიკე გორდაძე

პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორის და ჟაკ დელორის ინსტიტუტის მკვლევრის თორნიკე გორდაძის აზრით, „ოცნება“ ისტორიაში შევა, როგორც ძალა, რომელიც შეეცადა, ქვეყნის ბედი ისევ რუსეთთან დაეკავშირებინა“.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, „რუსული კანონის“ მიღების გამო, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.

""ქართული ოცნება“ ისტორიაში შევა როგორც პოლიტიკური ძალა, რომელიც ეცადა და იმედი მაქვს, საბოლოოდ არ გამოუვიდა, საქართველოს ისტორიული მისიის და მისი მოსახლეობის უდიდესი სურვილების და ოცნებების წინააღმდეგ წასვლა; მმართველი პარტია, რომელიც შეეცადა ქვეყნის ბედი კვლავ დაეკავშირებინა რუსეთისთვის. საკუთარ თავს კი, „ქართულმა ოცნებამ“ გამოუტანა განაჩენი სრული იზოლაციისა, ცივილიზებული სამყაროს თვალში. ეს პარტია და ეს ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია ძალიან საშიშ ტრაექტორიაზე მოძრაობს; მათ ყველა წითელი ხაზი გადალახეს და ის გარკვეული ბუნდოვანება, რომელსაც ინარჩუნებდნენ წლების მანძილზე და ცდილობდნენ ევროკავშირისთვის ეთქვათ, რომ აგრძელებენ ევროინტეგრაციის გზას, გამქრალია. ამასთან, ისინი კვლავ ცდილობენ შიდა მოხმარებისთვის, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის კვლავ შექმნან ილუზია, რომ ისინი ღირსებით და საკუთარი პირობებით აპირებენ ევროკავშირში შესვლას... მოჰყავთ ვიქტორ ორბანის მაგალითი, მაგრამ ავიწყდებათ, რომ უნგრეთი ჯერ გახდა ევროკავშირის წევრი და შემდეგ მოხდა ორბანის დეგრადაცია როგორც ანტიევროპული ლიდერის; ასეთ საქართველოს არათუ ევროკავშირის წევრობა, არამედ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის არავითარი შანსი არ აქვს“, - განაცხადა თორნიკე გორდაძემ.

რამ გამოიწვია საგარეო კურსის ცვლილება? - პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი ფიქრობს, რომ „ბიძინა ივანიშვილი მზად არაა, დემოკრატიული გზით დათმოს ძალაუფლება, რადგან ჰგონია, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის მას და მის ქონებას“.

"შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ დასაწყისში (2012) არ უნდოდათ შეეშინებინათ დასავლეთი, რადგან მაშინ ის იყო წამყვანი მოთამაშე - გვახსოვს, „ქართული ოცნების“ კოალიციაში იყო რამდენიმე პროდასავლური პარტიაც, მაგრამ თავიდანვე ჩანდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის გეოპოლიტიკური ხედვები. თუ გახსოვთ, ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში თქვა, რომ მისთვის მაგალითი იყო სომხეთი, რომელიც მაშინ რუსეთის დომინიონი იყო. დღეს კი იბრძვის რუსეთის ზეგავლენის გათავისუფლებისთვის. ასევე, მას აქვს ნათქვამი, რომ მისი პრიორიტეტი იყო საქართველო გამქრალიყო რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული პრობლემატური საკითხების სიიდან. თავიდანვე ეს იყო მისი ხედვა და ის კონსპირაციული ხედვები, რომლებიც მას აქვს და ჯეიმს ო’ბრაიენმაც აღნიშნა, რომ არის რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს პირად თანხებს და ქონებას ემუქრება; ეს არის ჩვეულებრივი რუსული ნარატივი.

არ ვიცი, ბატონ ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო პოლიტიკას ვინ უხსნის - ალბათ პრორუსი ექსპერტები ან თვითონ რუსები, რადგან ხედვა, რომელიც მას აქვს საერთაშორისო ურთიერთობებზე, ყველაზე კონსერვატიული რუსული ხედვაა. ეს ხედვა მას ყოველთვის ჰქონდა; ეს ადამიანი მენტალურად რუსეთში ჩამოყალიბდა, მაგრამ როგორც რაციონალური მოთამაშე, იანუკოვიჩის მსგავსად გარკვეული პერიოდი თამაშობდა, სანამ შეეძლო... ბოლო წლებში, ბიძინა ივანიშვილიც განთავისუფლდა ევროპული კომპონენტებისგან. მის პარტიაშიც თუ ვინმე პროევროპულად განწყობილი იყო, დატოვა პარტია და ის დარჩა მარტო იმ ადამიანებთან ერთად, რომელთა ლოიალობაშიც ეჭვი არ ეპარება და მათთან ერთად გადაწყვიტა, რომ ხელისუფლების შესანარჩუნებლად მისი მთავარი მოკავშირე იქნება რუსეთი, რადგან დემოკრატიულად ის ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ის მზად არ არის დემოკრატიული გზით დათმოს ძალაუფლება, რადგან ჰგონია, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის მას, მის ქონებას. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი აკოპირებს რუსეთში 2012 წელს მიღებულ მთავარ კანონს, რომელიც ვლადიმერ პუტინმა „ბალოტნაიას“ პროტესტის შემდეგ მიიღო. კანონი, რომელიც ძირშივე სპობს საზოგადოების აქტივობას და ყველანაირ პერსპექტივას, რომ ხელისუფლება დემოკრატიულად შეიცვალოს", - განაცხადა თორნიკე გორდაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები