მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნება" ხელისუფლებაში თუ დარჩა, რუსულ-ჩინური ალიანსის გზაზე წაგვიყვანს - ნატა საბანაძე

ნატა საბანაძე

ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის ნატა საბანაძის აზრით, ხელისუფლების მიერ მიღებული ანტიდასავლური კანონების და პოლიტიკის გამო, საქართველო უკვე დიპლომატიურ იზოლაციაშია.

„საფრთხეზე არაა საუბარი; უკვე იზოლაციის წინ ვართ. რეალურად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ხვდებიან, ხელს არ ართმევენ და დიპლომატიაში ეს არის იზოლაცია. ქვეყანას დახმარებები შეუწყვიტეს. არსად არ გვეპატიჟებიან. შესაბამისად, ამაზე უარესი რა უნდა იყოს?! თუ „ქართული ოცნება“ დარჩა ხელისუფლებაში, მგონი, რუსულ-ჩინური ალიანსის გზაზე წაგვიყვანს... მით უმეტეს თუ სანქციები დაემატა და ბიძინა ივანიშვილი იგრძნობს, რომ მისი პირადი ინტერესები ილახება, აუცილებლად შეუერთდება იმ პირების რიგებს, რომლებიც ამის წინააღმდეგ იბრძვიან. საუბარია განსხვავებული საფინანსო სისტემების შემოღებაზე - SWIFT-ის ალტერნატივაზე და ა.შ.“, - ამბობს ნატა საბანაძე.

ევროკავშირში ყოფილი ელჩის ვარაუდით, თუ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, „საქართველო „მაინც ევროკავშირში გვინდა“-ს პოზიციიდან გადავა პირდაპირ ანტიდასავლურ ფლანგზე“.

„დასანქცირებული ქვეყნები ერთმანეთს სოლიდარობას უცხადებენ, ერთიანდებიან და ქმნიან ღიად ანტიდასავლურ ფლანგს და შესაძლოა, საქართველოც შეუერთდეს დასანქცირებული სახელმწიფოების არაფორმალურ ალიანსს, რომელიც ებრძვის დასავლეთს“, - აღნიშნა დიპლომატმა.

ამასთან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში მას რთულად ეჩვენება „საქართველოს ევროკავშირისკენ შემობრუნება“.

„ნდობის აღდგენა გაჭირდება ამ კონფიგურაციით, ანუ მაშინ ხალხი უნდა შეიცვალოს. ახალი პირები უნდა გამოჩნდნენ, რადგან მეხსიერებიდან ხომ ვერ წაშლი ყველაფერს, რაც აქამდე თქმულა, თუმცა მაინც რთულად მეჩვენება. ბოლო გზავნილებით და ბოლო ნაბიჯებით „ოცნება“ არ იტოვებს და თავად ანგრევს უკან დასახევ ხიდს. არ ვიცი, რატომ {იქცევიან ასე}, რადგან თუნდაც პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არ არგია არც „ქართული ოცნების“ უფროსს {ბიძინა ივანიშვილს}, - განაცხადა ნატა საბანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები