მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნება" კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს ამკაცრებს - დეტალები

კორუფცია

"ქართული ოცნება" „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონს ამკაცრებს. კანონპროექტის თანახმად, თანამდებობის პირს, რომელმაც ჩაიდინა სამოხელეო ან ფინანსური სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული დანაშაული და მასზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება 30 წლის განმავლობაში ექნება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, რომელიც პარლამენტში უკვე დაინიცირდა, დეკლარაციის შევსების ვალდებულების მიზანია მართლსაწინააღმდეგოდ მიღებული ქონების გამოვლენა, დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა და იმ ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა, რომელიც სახელმწიფოს მიადგა თანამდებობის პირის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად.

"კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება დანაშაულის ჩამდენი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც სამართლებრივი, ისე საზოგადოებრივი ნდობის კუთხით. აღნიშნული ცვლილებები კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიურ დაკვირვებასა და მონიტორინგს 30 წლის განმავლობაში. აღნიშნული კი, მათი მხრიდან მითვისებული ქონების ლეგალიზებასა და პირადი ინტერესებით გამოყენებას, სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს",- წერია დოკუმენტში.

ამასთან, დეკლარაციის წარდგენასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, რომელიც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები