მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნება" საერთაშორისო კომპანიას მოიწვევს, რომელიც სურსათის ფასწარმოქმნას შეისწავლის - ინიციატივა

შოთა ბერეკაშვილი

საკანონმდებლო ორგანოში პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების სექტორის შესასწავლად საერთაშორისო კომპანიას მოიწვევს - ამის შესახებ ინიციატივა "ფასების საპარლამენტო კომისიაზე" შოთა ბერეკაშვილმა გააჟღერა.

როგორც შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს წინადადებით, რომ კომისიის მუშაობის პარალელურად პარლამენტმა მოიწვიოს საერთაშორისო კომპანია, რომელსაც FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს.

მისი თქმით, კომპანიამ უნდა შეისწავლოს სექტორის სტრუქტურა, ბიზნესპროცესები, არსებული პრობლემები და საქართველოს ბაზარი შეადაროს მსგავსი ქვეყნების ბაზრის სტრუქტურას, რის შემდეგაც საკუთარი რეკომენდაციები წარადგინოს.

„ჩვენი კომისიის მუშაობის პარალელურად გვექნება დოკუმენტი, რომელიც განსხვავებული ხედვით შეაფასებს მდგომარეობას და მნიშვნელოვნად დაეხმარება საბოლოო შედეგზე გასვლაში. საუბარია საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრებმა ბერეკაშვილს ჰკითხეს, რატომ არ შეეხება შესწავლა საწვავს და მედიკამენტებს.

მისივე განმარტებით, ერთი კომპანია სამ სხვადასხვა სექტორს ვერ შეისწავლის, ამიტომ ამ ეტაპზე საუბარია სწორედ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების მიმართულებაზე, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.

ბერეკაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო კომპანიის შესარჩევად გამოცხადდება გამჭვირვალე ტენდერი.

„გამოცხადდება ტენდერი და დადგენილი წესით შეირჩევა კომპანია. საერთაშორისო კომპანიები არსებობენ და ტენდერის საფუძველზე მოხდება მათი შერჩევა“, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია დღეს პირველად შეიკრიბა. სხდომაზე კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები