მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნება" სურსათის ფასების შესასწავლად კომპანიას Big Four-დან მოიწვევს

შოთა ბერეკაშვილი

"ფასების საპარლამენტო კომისიის" თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის თქმით, სურსათის ფასების შესწავლის პროცესში მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანია ჩაერთვება.

ბერეკაშვილმა bm.ge-სთან თქვა, რომ კომისიამ უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს შუამდგომლობით, რათა ე.წ. Big Four-იდან მოიწვიონ საერთაშორისო კომპანია, რომელიც ბაზრის დამოუკიდებელ კვლევას ჩაატარებს.

"Big Four" მსოფლიოს ოთხ უმსხვილეს პროფესიული მომსახურების ქსელს აერთიანებს: Deloitte, PwC, EY და KPMG. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხშირად "აუდიტორულ კომპანიებად" მოიხსენიებენ, რეალურად ისინი გლობალური საკონსულტაციო და კვლევითი გიგანტები არიან.

შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა პროცესს მეტ ობიექტურობას შესძენს. კომპანია პარალელურ რეჟიმში განახორციელებს შემდეგ სამუშაოებს:

FMCG სექტორის სტრუქტურული ანალიზი, რეალური ფასნამატის (მარჟის) ოდენობის დადგენა, საქართველოს ბაზრის შედარებითი ანალიზი სხვა ქვეყნებთან.

„კომისიამ მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა Big Four-იდან მოვიწვიოთ საერთაშორისო კომპანია, რომელიც პარალელურად შეისწავლის საქართველოს ბაზარს. ამ შემთხვევაში FMCG სექტორს. იგი გააკეთებს სტრუქტურულ ანალიზს, გამოიკვლევს, თუ რამდენი არის ფასნამატი და რა პრობლემები არსებობს. ასევე, ჩაატარებს შედარებით ანალიზს სხვა ქვეყნებთან, რაც საშუალებას მოგვცემს, სწორად დავინახოთ, სად ვართ მათთან მიმართებით.

მიმაჩნია, რომ ეს დამოუკიდებელი პროცესია და აღნიშნული კომისიის ფარგლებში ჩვენთან კავშირი არ აქვს, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ Big Four-ისგან გვქონდეს ბაზრის მდგომარეობისა და სტრუქტურული პრობლემების პროფესიული შეფასება. ეს საშუალებას მოგვცემს, სწორად დავინახოთ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, სად ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დამოუკიდებელი პროცესია, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბაზრის მდგომარეობის შესახებ ამგვარი დასკვნის არსებობა“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კვლევის პირველი ფაზა დასრულებულია და სამუშაო ჯგუფი შემდეგ ეტაპზე იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან შეხვედრებზე გადადის.

მისივე განცხადებით, ფასწარმოქმნის ჯაჭვის ჰოლისტური [ერთიანი] შესწავლის გარეშე სწორი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. მხოლოდ ყველა რგოლის (იმპორტი, დისტრიბუცია, რითეილი) ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი, რა კონკრეტული მექანიზმები ამოქმედდება პრობლემების მოსაგვარებლად.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი კომისია ადგილობრივი მწარმოებლების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურას, ფასწარმოქმნის ჯაჭვსა და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავს. განხილვის მიზანია გამოიკვეთოს ის სისტემური ბარიერები, რომლებიც ადგილობრივ კომპანიებს კონკურენციისა და ფინანსური მდგრადობის კუთხით ექმნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები