მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ოცნებამ“ დაჩქარებული წესით დაამტკიცა კანონი პარტიების აკრძალვის მექანიზმის შესახებ

პარლამენტი

„ქართული ოცნებამ“ მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც კონკრეტულ პირებს აუკრძალავს პარტიულ საქმიანობასა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას, ასევე პასიურ საარჩევნო (არჩევნებში მონაწილეობის) უფლებას. კანონი დაჩქარებული წესით განიხილეს და ძალაში შევა მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერის შემდეგ.

კანონით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვები

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ:

  • პარტიის შექმნა;
  • პოლიტიკური პარტიის წევრობა;
  • პარტიის ორგანოს წევრობა;
  • პარტიული თანამდებობის დაკავება;
  • არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა;
  • არჩეული ორგანოს წევრის/არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეძენა;
  • პოლიტიკური თანამდებობის დაკავება;
  • კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელობა.

ასევე, აკრძალულ პირებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეუწყდებათ დეპუტატის მანდატი, როგორც პარლამენტში, ასევე სხვა წარმომადგენლობით ორგანოებში. ამოირიცხებიან პარტიული სიებიდან.

რეგისტრაციაზე უარი უნდა ეთქვას იმ პარტიას, რომლის სიაში იქნება პირი, რომელსაც პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აკრძალული აქვს. მსგავსი შემთხვევის დროს პარტიას ჯარიმა დაეკისრება.

„პარტიასთან დაკავშირებული პირი“

"ერთპატიული" პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ასეთ პირებს შორის შეიძლება იყვნენ არა მხოლოდ კონკრეტული პარტიების წევრები, არამედ ისინი, რომელთა საქმიანობა ემთხვევა პარტიის გაცხადებულ მიზნებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს საფუძველი პარტიის აკრძალვისთვის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ მისი მიზანია:

  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა;
  • ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა;
  • ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა;
  • ომის ან ძალადობის პროპაგანდა;
  • ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლში წაქეზება;
  • შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან მისი არსებობა.


საკონსტიტუციო სასამართლო ასევე შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანი ან საქმიანობა (მათ შორის პერსონალური შემადგენლობა ან საარჩევნო კომისიებში წარდგენილი პარტიული სია) იმეორებს უკვე აკრძალული პარტიის მიზანს ან საქმიანობის არსს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები