საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო.
როგორც საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე “ანალიტიკას” ეთერში განმარტავს, სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტრო ჩაერთვება სამართალწარმოების პროცესში და სტრასბურგში საქართველოსაც ეს უწყება წარმოადგენს. ქურდოვანიძის თქმით, არ არსებობს მოლოდინი, რომ ქართული მხარე ევროპულ სასამართლოსთან კომუნიკაციაზე უარს იტყვის.
“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო მზია ამაღლობელის საქმეზე კომუნიკაციის ეტაპი. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობას გაეგზავნა შესაბამისი კითხვები იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელზეც საჩივარშია საუბარი და საქმე განხილვის ეტაპზე გადავიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ყველასთვის ცნობილია, რამდენად ხანგრძლივია ხოლმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოების პროცესი, თუნდაც ამ პირველი ეტაპის დაწყებაც კი.
შესაბამისი ვადა სასამართლოს აქვს განსაზღვრული. ამ ვადაში მთავრობამ უნდა გააგზავნოს პასუხი. როგორც წესი, იუსტიციის სამინისტროა ხოლმე საქართველოს სახელით და მათ უნდა უპასუხონ სასამართლოს. თუ ქართული მხარე ამ ეტაპებს არ გაივლის და საერთოდ უარს იტყვის სასამართლოსთან კომუნიკაციაზე, რისი მაგალითიც არ ყოფილა აქამდე, ეს ნიშნავს, რომ მაშინ საერთოდ უარს ამბობს კონვენციით გარანტირებული უფლებების დაცვაზე და აღარ აღიარებს ამ ინსტიტუციას. ასეთი მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, რომ პასუხი არ გაიგზავნება. ჩვენი მოლოდინი არის, რომ პასუხი გაიგზავნება და ამის შემდგომ უკვე სასამართლოს ექნება დამატებითი კომუნიკაცია საია-სთან და მოგვეცემა დამატებითი ვადა იმისთვის, რომ გაგზავნილ საკითხებზე ჩვენი არგუმენტები დავუპირისპიროთ”, - განმარტა ნონა ქურდოვანიძემ.
საია-ს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ევროპულ სასამართლოს სარჩელის განსახილველად, როგორც წესი, გაცილებით დიდი დრო სჭირდება, ვიდრე ეს მზია ამაღლობელის საქმის შემთხვევაში მოხდა, რაც ამ საქმის მასშტაბებსა და მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
“პირველი ეტაპის განხილვა მოხდა ძალიან სწრაფ რეჟიმში, მხოლოდ ორი თვე დასჭირდა სასამართლოს, როცა გაცილებით უფრო დიდია ხოლმე დრო, ვიდრე საქმე კომუნიკაციის ეტაპზე გადავა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზს უსვამს საქმის მნიშვნელობას და იმასთან დაკავშირებითაც არის საუბარი, რომ განსაკუთრებული ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეში არსებული დარღვევები, მისი მასშტაბებისა და ხასიათის გათვალისწინებით, შესაძლოა, სასამართლოს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდეს”,- აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით აპრილის ბოლოს მიმართა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში ხელახლა სისხლის სამართლის წესით დააკავეს. თავდაპირველად მედია მენეჯერი სტიკერის მიკვრისთვის დააკავეს, მეორე დაკავებისას კი პროკურატურა მას პოლიციელზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავება.




























