მმართველ პარტიას ეშინია, რომ ელიტური კორუფციის გაზრდილი მასშტაბები მას ელექტორალურად დააზიანებს - ასე აფასებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვაზე დაბარებებს და ანტიკორუფციული მიმართულებით გააქტიურებას.
როგორც გიორგი ქობულიამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა საკითხზე დაიბარეს სუს-ში ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.
თუმცა მისი შეფასებით, მსგავსი ნაბიჯები პასუხია საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებაზე, რომ ბევრი სახელმწიფო მოხელე კვლავაა ჩართული კორუფციულ გარიგებებში
“ჩემი აზრით, ეს დიახაც არის გაგრძელება იმ ანტიკორუფციული ტალღის, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში. მე არაერთხელ მითქვამს, რომ აბსოლუტურად მივესალმები ამას. ახლა რაზე არიან დაბარებულები ლევან [დავითაშვილი] და [გიორგი ჩიქოვანი], მე არ ვიცი, შეიძლება მოწმეების სახით არიან დაბარებულები, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ მივესალმები ყველანაირ ანტიკორუფციულ ბრძოლას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს ექმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ბრძოლა არის არასრულფასოვანი, ანუ არის დიდი ეჭვები, რომ არის კიდევ ბევრი სახელმწიფო მოხელე, რომლებიც აშკარად, ბევრი ხალხის აზრით, არიან ჩარეული კორუფციაში, მაგრამ ჯერ ისინი არანაირად ამას არ შეხებიათ.
ბოლო წლების განმავლობაში ელიტური კორუფცია, როგორც ამბობენ, საზღვრებს გასცდა. ანუ უკვე ძალიან დიდი მასშტაბი შეიძინა და ამან გამოიწვია შეშფოთება მმართველ პარტიაში ალბათ იმაზე, რომ ეს მასშტაბი უკვე ისეთი არის, რომ მათ ელექტორალურად ძალიან დააზიანებს. რა თქმა უნდა, 2028 წელი [არჩევნები] აღარ არის უკვე ძალიან შორს. ამიტომ მათი ფიქრია, ჩემი აზრით, რომ ჯობია ახლა “დავარტყათ” ამ საკითხს ჩვენ თვითონ, ვიდრე ამან კიდევ მასშტაბი გაზარდოს და ხელი შეგვიშალოს 2028 წლის არჩევნებში. მე მგონი, აქ არის განსაზღვრული შიში იმისა, რომ ეს ელიტური კორუფცია ელექტორალურად დააზიანებდა “ქართულ ოცნებას” მნიშვნელოვნად იმ მომენტისთვის, როდესაც ელექტორალური სიძლიერე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა”, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.




























