მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნებას" პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმები არ ეყო

სალომე ზურაბნიშვილი

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დასრულდა. პარლამენტში კენჭისყრა გაიმართა, რომლის დროსაც 86-მა დეპუტატმა პრეზიდენტის გადაყენებას დაუჭირა მხარი, ხოლო 1 წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული იყო.

კენჭისყრის პროცედურას არ დასწრებია ოპოზიციის ნაწილი.

სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს დღეს სიტყვით მიმართა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ანტიკონსტიტუციური უწოდა.

"ქართული ოცნება" პრეზიდენტს მთავრობის ნებართვის გარეშე საზღვარგარეთ ვიზიტებს ედავებოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ კი პრეზიდენტი სამართალდამრღვევად ცნო.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა კონსტიტუციის შემდეგი მუხლი დაარღვია:

"საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის დანაწესი.

სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. დასკვნა ძალაშია ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება" - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების 3-დღიანი განხილვა 6 ოქტომბერს დასრულდა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს".

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა ესაჭიროება, რაც 100 დეპუტატს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები