საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (59%) მიიჩნევს, რომ დიდი ან სერიოზული საფრთხეა, ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს. ამის შესახებ საუბარია სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებულ კვლევაში.
კვლევის მიხედვით, განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ მმართველი პარტიის მხარდამჭერებს — „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა მხოლოდ მესამედი ხედავს ასეთ საფრთხეს, ხოლო 53% ფიქრობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მცირე ან საერთოდ არ არსებობს.
ISSA-ს მონაცემებით, იმ შემთხვევაში, თუ უვიზო მიმოსვლა მართლაც შეჩერდება, საქართველოს მოსახლეობის 54%-ს მიაჩნია, რომ ეს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა იქნება.თუმცა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა ჯგუფში პასუხისმგებლობაზე წარმოდგენა განსხვავებულია:
- 40% თვლის, რომ ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი ოპოზიცია იქნება;
- 23% — ევროკავშირი;
- მხოლოდ 14% მიიჩნევს, რომ ეს მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა იქნება.

კვლევამ მოსახლეობის ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინიც გაზომა. შედეგების მიხედვით, საზოგადოების 46%-ს არ სჯერა, რომ ეს პროცესი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში განხორციელდება.
ამავე დროს, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა თითქმის ნახევარი, 49% ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დღეს მოქმედი ხელისუფლების პირობებში არის მოსალოდნელი.
საგარეო კურსზე მოსახლეობის შეხედულებები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- 55% თვლის, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო კურსი რუსეთის და მასთან დაახლოებული ქვეყნების ინტერესებს ემსახურება;
- ხოლო თავად მმართველი პარტიის ამომრჩეველთა უმრავლესობა — 66% მიიჩნევს, რომ პარტია არ ემხრობა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ინტერესებს და ეწევა დაბალანსებულ პოლიტიკას.
რაც შეეხება საგარეო ორიენტაციის მხარდაჭერას, კვლევის მიხედვით:
- ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს მოსახლეობის 83%;
— მათ შორის, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა 68%; - ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა შეადგენს 68%-ს;
- კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში (ოდკბ) გაწევრიანებას მხარს უჭერს მხოლოდ 9%;
- ქვეყნის ნეიტრალიტეტს კი მხარს უჭერს 52% (მათ შორის, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა — 66%).
მეთოდოლოგიის მიხედვით, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 2,000 რესპონდენტმა საქართველოს მასშტაბით, შერჩევა განხორციელდა ალბათური, კლასტერული მეთოდით, წინასწარი სტრატიფიკაციით, ხოლო საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისს პერიოდში.
ეს მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ მოცემული შედეგები მიახლოებულია მოსახლეობის მთლიანი შეხედულებების რეალურ გადანაწილებასთან, ±2.2%-იანი სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში.




























