ქართული ოცნების დეპუტატის, მარიამ ლაშხის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ ხშირად ნახსენები “გლობალური ომის პარტია” მასონების მსგავსი ძალაა. ამის შესახებ მან ბრიტანულ პოდკასტ The News Agents-სთან ინტერვიუში ისაუბრა. წამყვანის კითხვაზე, რა არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოს პრემიერი ხშირად ასახელებს, მარიამ ლაშხმა უპასუხა:
“ესენი არიან მაგალითად, ფრიმასონები, ისინი, ვისზეც ათწლეულების განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით, რომ მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ. დღეს მე თავად საგარეო ურთიერთობების მიმართულებით ვმუშაობ და ზოგჯერ, როცა პარტნიორებთან მაქვს საქმე, ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი კარგია და კარგად მიდიხართ, მაგრამ არის კიდევ სხვა ხმაც..”.
წამყვანის ჩაკითხვაზე, რას აკეთებენ ე.წ. ფრიმასონები და მანიპულირებენ თუ არა ისინი გლობალური ომით, ლაშხმა აღნიშნა, რომ ის უბრალოდ მათ ადარებს ფრიმასონებს, რომლებიც ცალკე მდგომი ძალაა, და რომლებსაც პირადად არ იცნობს.
წამყვანი: გლობალური ომის პარტიის წევრები მასონების გარდა ვინ არიან?
მარიამ ლაშხი: არ ვიცი...
წამყვანი: თქვენმა პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ ისაუბრა და „გლობალური ომის პარტია“ დაადანაშაულა ევროკავშირისა და აშშ-ის მანიპულირებაში. ანუ ისინი გავლენიანები არიან.
მარიამ ლაშხი: დიახ, რომლებსაც აქვთ გავლენა, ხომ?! პიროვნულად არ ვიცი, მაგრამ არის დამატებითი ძალა, რომელსაც ასეთი გავლენა აქვს
წამყვანი: დიდი პატივისცემით, მაგრამ თუ თქვენი პრემიერი ადანაშაულებს ადამიანებს… რომ არის ჩრდილოვანი ორგანიზაცია, რომელიც გლობალური მასშტაბით ომს ამზადებს, რომელსაც გავლენა აქვს ევროკავშირზე, ორგანიზაციაზე, რომელშიც გაწევრიანების იმედი გაქვთ, არ ფიქრობთ, რომ უნდა ვიცოდეთ, ვის გულისხმობს?
მარიამ ლაშხი: კი, რა თქმა უნდა, და ჩვენ გვყავს მაღალჩინოსნები, რომლებიც... მათ შორის ესეც [ინტერვიუ] მათთან შეხმიანების გზაა.
წამყვანი: ვისთან?
მარიამ ლაშხი: ანუ, მათ ვეხმიანებით, ვინც არიან...
წამყვანი: მაგრამ ვინ არიან? ეს შეთქმულების პოლიტიკას ჰგავს.
მარიამ ლაშხი: დიახ, შეგვიძლია შეთქმულება დავარქვათ.
წამყვანის რამდენიმე ჩაკითხვაზე ვინ არიან ეს ადამიანები, მარიამ ლაშხმა ვერ დაასახელა. წამყვანმა აღნიშნა, რომ რადგან არ შეუძლია დაასახელოს ეს ადამიანები, ეს ამბავი - გლობალური ომის პარტიის არსებობა და მათი მხრიდან შეთქმულებები გამოგონილს ჰგავს, რასაც საქართველოს მთავრობა ხალხს აჯერებს.
“არც კი შეგიძლიათ, რომ დაასახელოთ, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. ვინ არიან ამ გლობალური ომის პარტიაში? ეს გამოგონილს ჰგავს”, - აღნიშნა წამყვანმა, რაზეც "ოცნების" დეპუტატმა უპასუხა: “არა, ეს არ არის გამოგონილი. არის ამის მტკიცებულებები”.