ეკონომისტი გოგა ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ რუსეთ-უკრაინის ომისგან მიღებული დადებითი ეკონომიკური ეფექტი ფაქტობრივად ამოწურულია, ხელისუფლება კი რიცხვებით მანიპულირებით ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ქვეყანა ეკონომიკურ მედეგობას ინარჩუნებს. მან ამ საკითხზე "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.
ეკონომისტის შეფასებით, ვითარება აჩვენებს, რომ მმართველ პარტიას რეალური ეკონომიკური პოლიტიკა არ ჰქონია და ის ეფუძნებოდა მოკლევადიან, არასწორ გეგმას.
"2022 წლიდან „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკა დასულია იმაზე, თუ როგორ ვიყოთ რუსეთ-უკრაინის ომის ბენეფიციარები. ანუ, ეს არის მთლიანი ეკონომიკური პოლიტიკის არსი და, შესაბამისად, ამაზე არის აგებული ყველაფერი, რაც ხდება და ამას, რა თქმა უნდა, ახლავს თან რისკები.
ჩემი აზრით, ამ ბენეფიტების მიღების პერიოდი დასრულდა, ეს ბუსტი დიდწილად უკვე დასრულებულია და „ქართული ოცნება“, თუ რამეს ცდილობს, ეს არის დააჯეროს თავისი ამომრჩეველი და, ზოგადად, საზოგადოება, რომ ეს ასე არ არის. მაგალითისთვის, ბოლო წელიწად-ნახევარია საქართველოში ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება. ხელფასის მატების ტემპი არის ძალიან შენელებული, როცა იყო 2023 წელს რეალური ხელფასების ზრდა 18%, დასული არის ეს 5%-მდე. რომ შევხედოთ, მაგალითად, ეკონომიკური ზრდის სტრუქტურას 2026 წლის პირველ კვარტალში, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემები მნიშვნელოვან სექტორებში. მაგალითად, მრეწველობა - ნულოვანი ზრდა, მშენებლობა - კლება, განათლება - ნულპროცენტიანი ზრდა, და ამ ყველაფერს აკომპენსირებს ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორის 40%-იანი ზრდა, რომელიც რამდენად ახეირებს საქართველოში რეალურ ეკონომიკას და მოსახლეობას, ამაზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია.
პროპაგანდის მანქანა მუშაობს, რომ ექსპორტი იზრდება 20%-ით და გვაქვს რაღაცა განსაკუთრებულად მაგარი წელიწადი ამასთან დაკავშირებით. მაგრამ, აი ერთ ფაქტორს რომ მივაქციოთ ყურადღება - პირველი ხუთი თვის განმავლობაში ჩვენ გავიტანეთ ქვეყნიდან 370 მილიონი დოლარის ნავთობი, რომელიც არის იმპორტირებული ნედლი სახით ან ჩვეულებრივი სახით რუსეთიდან. ნავთობის ექსპორტის ფაქტორი რომ ამოაგდო სტატისტიკიდან, ზრდა რჩება 6.1%. რომ გაითვალისწინო, რომ ლარი დოლართან მიმართებით არის გამყარებული წინა წელთან შედარებით დაახლოებით 4%-ით, რომ გაითვალისწინო ასევე, რომ ინფლაცია, ზოგადად, ქვეყანაში არის 5%, შეიძლება ვთქვათ, რომ რეალურად ექსპორტი ქვეყანაში, საერთოდ არ არის გაზრდილი.
ის, რომ საქართველოს ეკონომიკამ გააგრძელოს თუნდაც "ოცნების" პრაგმატული პოლიტიკის ფარგლებში ბენეფიტების მიღება რუსეთ-უკრაინის ომისგან, ეს პროცესი არის დასრულებული, დასრულდა დაახლოებით, ჩემი ვარაუდით, ერთი წლის წინ და ახლა „ქართული ოცნების“ მხრიდან ხდება ხელოვნურად აპელირება, ხანდახან რიცხვების მანიპულირების გზით, ხანდახან რაღაცა ერთჯერადი ფაქტორებიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი არის ისევ ისე კარგად, როგორც იყო 2022, 2023 და 2024 წლებში. „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ ყველაზე კარგად იცის, რომ ეს პრობლემები გროვდება და ჩვენ ის კი არა, რომ ამ ზრდის ტემპის შენარჩუნებას მოვახერხებთ, ჩემი აზრით, ძალიან სერიოზული რისკები გვაქვს, რომ უკან არ წავიდეს მდგომარეობა, უკუსვლისკენ, ყველა მიმართულებით",- ამბობს ეკონომისტი.




























